მარიამ ბოლქვაძე ავსტრალიის ღია პირველობას გამოეთიშა
მარიამ ბოლქვაძე ავსტრალიის ღია პირველობას გამოეთიშა

ავსტრალიის ღია პირველობის საკვალიფიკაციო ტურნირის პირველივე წრეში დამარცხდა ქალთა ჩოგბურთის ქართველი პირველი ნომერი, მსოფლიოს 164-ე ჩოგანი მარიამ ბოლქვაძე. მისი მეტოქე იყო კლასიფიკაციის 141-ე ნომერი, ამერიკელი კაროლინ დოლეჰაიდი.

ქართველმა ჩოგბურთელმა მეტოქეს დიდი წინააღმდეგობა ვერ გაუწია და ორ სეტში წააგო – 3:6, 2:6. შეხვედრა საათი და ცხრა წუთი გრძელდებოდა.

მთელი მატჩის განმავლობაში, ბოლქვაძემ ერთადერთი ბრეიკი გამოიმუშავა და ის გამოიყენა. ეს მოხდა პირველი სეტის მეხუთე გეიმში. დოლეჰაიდმა კი ექვსი ბრეიკ-პოინტი მიიღო და ოთხჯერ მივიდა ბრეიკამდე. ამერიკელი ძალიან კარგად თამაშობდა პირველ მოწოდებაზე – მხოლოდ ექვსი ქულა დათმო. ბოლქვაძემ საკუთარ მეორე მოწოდებაზე ჩააგდო თამაში – 19-დან სულ რაღაც ხუთი ქულა აიღო.

შეგახსენებთ, რომ ავსტრალიის ღიას კვალიფიკაციაში კიდევ ერთი ქართველი ჩოგბურთელია – ეკატერინე გორგოძე, რომელიც ოთხშაბათს პირველი წრის მატჩს სლოვენიელი კაია იუვანის წინააღმდეგ ჩაატარებს.