მარიამ ბოლქვაძე ავსტრალიის ღიას კვალიფიკაციის II რაუნდში ითამაშებს #1TVSPORT
მელბურნში ავსტრალიის ღია პირველობის საკვალიფიკაციო ეტაპზე გამოსვლა დაიწყეს ქალმა ჩოგბურთელებმა. პირველი რაუნდის გადალახვა მოახერხა მსოფლიოს 213-ე ჩოგანმა მარიამ ბოლქვაძემ, რომელმაც 2 საათსა და 6 წუთში სამ სეტში აჯობა რეიტინგის 154-ე ნომერს, ხორვატ ანტონია რუჟიჩს – 3:6, 6:3, 6:3.
პირველ სეტში რუჟიჩმა ერთადერთი ბრეიკით მოიგო. მეორე პარტიაში ბოლქვაძემ სამჯერ აიღო მეტოქის მოწოდება, რასაც ხორვატმა ორჯერ უპასუხა უკუბრეიკით, მაგრამ მეცხრე გეიმში ქართველმა მაინც მოახერხა სეტზე ჩაწოდება.
მესამე სეტი რუჟიჩმა უკეთ დაიწყო და ბრეიკით 2:0 დაწინაურდა, მაგრამ ამას მოჰყვა ბოლქვაძის მხრიდან ზედიზედ ხუთი გეიმის მოგება, რის შემდეგაც მან მიიყვანა საქმე საბოლოო გამარჯვებამდე. ამ პარტიაში ქართველმა ოთხჯერ აიღო მეტოქის მოწოდება.
მარიამ ბოლქვაძემ ვერცერთი ეისი ვერ ჩააწოდა და ხუთი ორმაგი შეცდომა დაუშვა, 13-დან შვიდი ბრეიკპოინტი გამოიყენა და მეტოქის ხუთიდან ვერცერთი ბრეიკპოინტი ვერ მოიგერია.
ავსტრალიის ღიას ძირითად ბადეში გასასვლელად ბოლქვაძეს კიდევ ორი მატჩის მოგება სჭირდება. კვალიფიკაციის მეორე წრეში ქართველი 22 წლის ფრანგ სენელა იანიჩევიჩს შეხვდება, რომელიც რეიტინგის 188-ე ნომერია.