მარია ზახაროვამ ჩეხეთის მიერ კომპენსაციის მოთხოვნა გამომძალველთა მოქმედებებს შეადარა
მარია ზახაროვამ ჩეხეთის მიერ კომპენსაციის მოთხოვნა გამომძალველთა მოქმედებებს შეადარა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ ჩეხეთის მიერ კომპენსაციის მოთხოვნა გამომძალველთა მოქმედებებს შეადარა.

„ჩვეულებრივ ამგვარად მოქმედ პირებს, რომლებიც სასამართლოსა და გამოძიების გარეშე, მუქარებითა და შეურაცხყოფით ფულს ითხოვენ, გამომძალველებს უწოდებენ“, – წერს რუსი დიპლომატი ტელეგრამარხზე.

შეგახსენებთ, ჩეხეთის ხელისუფლება რუსეთისგან 2014 წელს საბრძოლო აღჭურვილობის საწყობში მომხდარი აფეთქების გამო 25,5 მილიონი ევროს ოდენობის კომპენსაციას ითხოვს.

როგორც ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა, ანდრეი ბაბიშმა მიმდინარე წლის აპრილში განაცხადა, ხელისუფლებას აქვს უდავო მტკიცებულებები, რომ ვრბეტიცეში მომხდარი აფეთქების უკან „გრუს“ ორი აგენტი დგას. რუსეთი მომხდართან ყველანაირ კავშირს უარყოფს.

რუსეთისთვის ბრალდებების წაყენებასთან ერთად, ჩეხეთმა ქვეყნიდან რუსი დიპლომატები გააძევა, რასაც რუსეთის საპასუხო ზომები მოჰყვა. ჩეხეთისადმი სოლიდარობის ნიშნად რუსი დიპლომატები ევროკავშირის რამდენიმე სხვა ქვეყანამაც გააძევა.