მარია ზახაროვა - სომხეთის ხელისუფლება მიზანმიმართულად ანგრევს სამოკავშირეო ურთიერთობებს რუსეთთან
მარია ზახაროვა - სომხეთის ხელისუფლება მიზანმიმართულად ანგრევს სამოკავშირეო ურთიერთობებს რუსეთთან

სომხეთის ხელისუფლება მიზანმიმართულად ანგრევს სამოკავშირეო ურთიერთობებს რუსეთის ფედერაციასთან, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის „სამშვიდობო ფორმულის“ შესახებ მესამე საერთაშორისო კონფერენციაში სომხეთის უსაფრთხოების საბჭოს მდივნის, არმენ გრიგორიანის მონაწილეობაზე საუბრისას ზახაროვამ კიდევ ერთხელ გაიხსენა სომხეთის პრემიერ-მინისტრის მეუღლის, ანა აკოფიანის ვიზიტი კიევში და სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარის, ალენ სიმონიანის შეხვედრა უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარესთან, რუსლან სტეფანჩუკთან დუბლინში.

„თავად ფაშინიანი სტეფანჩუკს გრანადაში შეხვდა. ერევანმა უნდა იცოდეს, რომ ეს არის დემონსტრაციული ფლირტი მათთან, ვინც აგრესიულად ეწინააღმდეგება ჩვენს ქვეყანას. სხვა განმარტება არ არსებობს. სამწუხაროა, რომ რესპუბლიკის ამჟამინდელი ხელმძღვანელობა მიზანმიმართულად და დაჟინებით ანგრევს ჩვენს სამოკავშირეო ურთიერთობებს, რომელსაც არცთუ ისე დიდი ხნის წინ თავად უწოდებდნენ სომხეთის სტაბილურობისა და კეთილდღეობის უმნიშვნელოვანეს ფაქტორს“, – განაცხადა მარია ზახაროვამ.