მარგუს ცაჰკნა – ევროპელმა ლიდერებმა რუსული თავდასხმებისთვის „ჰიბრიდულის“ დარქმევა უნდა შეწყვიტონ, ეს არის ტერორისტული და დივერსიული თავდასხმები, რომლებიც ერთგვარი ომის ტოლფასია
ევროპელმა ლიდერებმა რუსული თავდასხმებისთვის „ჰიბრიდულის“ დარქმევა უნდა შეწყვიტონ, – ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ „პოლიტიკოსთან“ ინტერვიუში განაცხადა.
ცაჰკნას განცხადებით, ეს არის „ტერორისტული“ და „დივერსიული“ თავდასხმები, რომლებიც რუსეთის მიერ ევროპის წინააღმდეგ განხორციელებული სისტემური ძალისხმევისა და „ერთგვარი ომის“ ტოლფასია.
ცაჰკნას თქმით, რუსეთის მიერ დრონებით თავდასხმებსა და ხანძრების გაჩენაში მონაწილე ბევრი პირისთვის მოტივაცია იდეოლოგია კი არა, „ადვილად მიღებული ფულია“. სწორედ ამიტომ, მისივე თქმით, ევროპულმა ქვეყნებმა მკაფიოდ უნდა აჩვენონ, რომ ასეთი დივერსანტები მკაცრად დაისჯებიან, რათა მომავალში მსგავსი ინციდენტების თავიდან აცილება მოხდეს.
„მთავარი გზავნილი ასეთია: თუ რუსეთის სპეცსამსახურებთან ითანამშრომლებთ, დაგიჭერენ და ციხეში გაგგზავნიან“, – განაცხადა ცაჰკნამ.
მისი თქმით, ადამიანები კარგად უნდა დაფიქრდნენ, ვიდრე მსგავს ოპერაციებში მონაწილეობას მიიღებენ.
ცაჰკნას განცხადებით, ევროპულმა მთავრობებმა უნდა შეაგროვონ და გაცვალონ მტკიცებულებები, რათა შეძლონ თავდასხმებზე პასუხისმგებლობის საჯაროდ რუსეთისთვის დაკისრება, უფრო მჭიდროდ კოორდინაცია გაუწიონ სადაზვერვო და უსაფრთხოების სამსახურების საქმიანობას და განაცხადონ, რომ მათ, ვინც მოსკოვთან თანამშრომლობს, მკაცრი შედეგები ელოდებათ.
„კრემლი ცდილობს, დაყოს ჩვენი საზოგადოებები, დაარღვიოს ჩვენი ერთიანობა და შიშით ითამაშოს“, – განაცხადა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა და აღნიშნა, რომ უფრო სერიოზული თავდასხმების, მათ შორის ისეთი თავდასხმების ალბათობა, რომლებსაც ევროპის არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირება, გაიზრდება, თუ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ჩათვლის, რომ ევროკავშირი ერთობლივად არ რეაგირებს.
როგორც „პოლიტიკო“ წერს, ევროკავშირი უსაფრთხოების ახალ სტრატეგიაზე მუშაობს, რომლის წარდგენაც მიმდინარე წლის ბოლოს არის მოსალოდნელი. ცაჰკნას განცხადებით, სტრატეგიამ უნდა გააუმჯობესოს სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარება, გაზარდოს ინვესტიციები უსაფრთხოების სამსახურებში და ქვეყნებს არატრადიციულ ომზე სწრაფი რეაგირების შესაძლებლობა მისცეს.
„ამჟამად რუსეთს არ შეუძლია სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის განხორციელება ან ნატო-ზე თავდასხმების განხორციელება. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მომავალში ეს არ შეიძლება, მოხდეს. ამიტომ, მოდით, ეს დრო მომზადებისთვის გამოვიყენოთ. ჩვენ უნდა მოვახდინოთ ჩვენი სადაზვერვო სამსახურების, სპეცსამსახურების კოორდინაცია. პუტინს ძალიან სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ. ის ტერორისტია. ის უკვე იყენებს ყველა შესაძლო შესაძლებლობას ჩვენზე თავდასხმისთვის, ამიტომ უნდა გავაცნობიეროთ, რომ ჩვეულ რეჟიმში დაბრუნება აღარ მოხდება“, – აღნიშნა ცაჰკნამ.
მისივე თქმით, მთავრობებმა ასევე უნდა მიაწოდონ ინფორმაცია საზოგადოებას, რათა ადამიანები პანიკაში არ ჩავარდნენ და იცოდნენ, როგორ მოიქცნენ საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში.
ცნობისთვის, მანამდე ესტონეთში განაცხადეს, რომ თავდაცვის კომპანია Milrem Robotics-ში აგვისტოში გაჩენილი ხანძარი განზრახ ცეცხლის წაკიდებით იყო გამოწვეული და თავდასხმა რუსეთის სპეცსამსახურების დაკვეთით განხორციელდა.