მარეკ ჰლინკა - ვაისის ასისტენტმა "ტორპედო" კარგად დამიხასიათა
მარეკ ჰლინკა - ვაისის ასისტენტმა "ტორპედო" კარგად დამიხასიათა

ქუთაისის „ტორპედო” ჩემპიონთა ლიგაზე მოლდოვის ჩემპიონ ტირასპოლის „შერიფთან” მატჩამდე სლოვაკი ლეგიონერით გაძლიერდა – მარეკ ჰლინკამ ქუთაისელთა ფორმით ფოთის “კოლხეთის” წინააღმდეგ უკვე ითამაშა და თავი გოლით გამოიჩინა.

“პირველივე მატჩში გოლი სხვა გუნდში გამიტანია. მაგრამ ეს საქართველოს ჩემპიონატში ჩემი პირველი გოლი იყო და მიხარია, ეს სადებიუტო მატჩში რომ მოვახერხე. გუნდში კარგად მიმიღეს, მეგობრული გარემოა და ამანაც იმოქმედა, წარმატებული პირველი მატჩი რომ გამომივიდა… სხვათა შორის, კარგად ვიცნობ ვლადიმირ ვაისს. წამოსვლამდე ველაპარაკე საქართველოს ნაკრებში მის ასისტენტს, რომან შვანტნერს, რომელმაც “ტორპედო” კარგად დაახასიათა და მითხრა, რომ ჩემი საქართველოში გადმოსვლით მოხარული იქნებოდა” – ამბობს ჰლინკა.