მარცხი უხერხულ მეტოქესთან - ტოჩინოშინმა ნაგოია ბაშოზე მეორე ბრძოლა წააგო [ვიდეო] #1TVSPORT

ლევან გორგაძემ, იგივე ტოჩინოშინმა, დღეს, 13 ივლისს იაპონიის ქალაქ ნაგოიაში მიმდინარე სუმოს სუპერტურნირზე რიგით მე-4 ბრძოლა გამართა, სადაც მე-6 მაეგაშირა ტობიძარუს დაუპირისპირდა და დამარცხდა.

მეტოქეებს ამ დაპირისპირებამდე ერთნაირი მოგება-წაგებათა ბალანსი ჰქონდათ – 2:1. ტოჩინოშინისთვის კი ტობიძარუ საკმაოდ უხერხული მეტოქეა, რადგან ბოლო 4 დაპირისპირებიდან ქართველს მხოლოდ ერთხელ ჰქონდა მოგებული.

ამჯერადაც ბრძოლა მეტოქის გამარჯვებით დასრულდა. ტოჩინოშინი თავიდანვე მძლავრი შეჯახებით ცდილობდა უპირატესობის მოპოვებას, მაგრამ ტობიძარუ საპირისპიროდ მოიქცა, რამაც გორგაძეს წონასწორობა დააკარგვინა და დოჰიოზე დაეცა.

ქართველ სუმოისტს 2 მოგება და 2 წაგება დაუგროვდა. ხვალ მისი მეტოქე მე-8 მაეგაშირა ნიშიკიგი იქნება, რომელიც ივლისის ბაშოზე ბრწყინვალედ ასპარეზობს და 4-დან 4 გამარჯვება აქვს მოპოვებული.