მარცხი ლიდერთან - დავითაშვილმა და „ბორდომ“ სეზონი განაახლეს #1TVSPORT
მარცხი ლიდერთან - დავითაშვილმა და „ბორდომ“ სეზონი განაახლეს #1TVSPORT

საფრანგეთის ლიგა 2-ში ზურიკო დავითაშვილმა და „ბორდომ“ სეზონი გასვლითი შეხვედრით განაახლეს და უშუალო კონკურენტთან, „ლე ავრთან“ დამარცხდნენ – 0:1.

საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველი „ბორდოს“ ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა. ქართველის გუნდი „ლე ავრს“ 4 ქულით ჩამორჩებოდა და სხვაობის შესამცირებლად მოგება სჭირდებოდა, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწია.

მასპინძლებმა ანგარიში მე-9 წუთზე გახსნეს – ზუსტი დარტყმით თავი ამირ რიჩარდსონმა გამოიჩინა. 67-ე წუთზე მასპინძლებს მეორე ყვითელი ბარათის გამო ქუენტინ კორნეტე გაუძევეს (პირველი გაფრთხილება დავითაშვილის წინააღმდეგ უხეშობისთვის მიიღო), მაგრამ „ბორდომ“ რიცხვობრივი უპირატესობით ვერ ისარგებლა და თამაში ვერ გადაარჩინა.

16 ტურის შემდეგ „ბორდომ“ 28 ქულა დააგროვა, მესამე ადგილზეა და ლიდერ „ლე ავრს“ (36) უკვე 7 ქულით ჩამორჩება. ამ ტურში „სოშომ“ „როდეზი“ მინიმალური ანგარიშით (1:0) დაამარცხა, „ბორდოს“ 2 ქულით გადაასწრო და მეორე ადგილზე გადაინაცვლა.