მარცხი ბოლო სპარინგში - ორი „დინამოს“ მატჩი კიეველებმა მოიგეს
მარცხი ბოლო სპარინგში - ორი „დინამოს“ მატჩი კიეველებმა მოიგეს

დღეს „დინამო თბილისმა“ თურქულ შეკრებაზე ბოლო ამხანაგური შეხვედრა კიევის „დინამოსთან“ ჩაატარა და დამარცხდა.

ბელეკში, სასტუმრო „გლორიას“ სპორტულ ცენტრში გამართულ მატჩში ანგარიში 23-ე წუთზე უკრაინელებმა პოლონეთის ნაკრების ნახევარმცველის, ტომაშ კეზიორას გოლით გახსნეს. 40-ე წუთზე გიორგი კუცია კიეველ მცველს გაცდა და მეკარესთან პირისპირ გადიოდა, მაგრამ მცველთან შეტაკებისას წაიქცა და კიეველები აშკარა გოლს გადაურჩნენ. თუმცა, სათამაშო უპირატესობასაც კიეველებმა ფლობდნენ და მეტი რეალური საგოლე მომენტიც შექმნეს.

თბილისელებმა მეორე ტაიმში თამაში გამოასწორეს და მეტოქეს თამამად შეუტიეს. „დინამოს“ შემადგენლობაშიში მეორე ტაიმში ბრაზილიელმა ფორვარდმა პერნამბუკუმ ითამაშა, რომელიც გუნდს შეკრებაზე შეუერთდა. თბილისელები კიეველებმა კონტრშეტევაზე დაიჭირეს და მეორეც გაიტანეს: 53-ე წუთზე სხვაობა ნაზარ რუსინმა თავური დარტყმით გაზარდა 2:0. 85-ე წუთზე თბილისის „დინამოს“ სხვაობის შემცირება შეეძლო – კიეველებმა საკუთარ საჯარიმოში პერნამბუკუ წააქციეს, პენალტი გიორგი კუხიანიძემ დაარტყა და მეკარემ აუღო. საბოლოოდ, კიეველებმა 2:0 მოიგეს.

თბილისის „დინამო“ – კიევის „დინამო“ 0:2

გოლები: 0:1 კეზიორა (23), 0:2 რუსინი (53)

თბილისის „დინამო“: კვასხვაძე, ტრუბოჩკინი, სანდოხაძე, ბენიო, კობოური, პაპავა, კუცია, ნინუა, პანგოპი, ორშულა, ქიმაძე.

სათადარიგოები: პერალესი, ბუღრიძე, პერნამბუკო, ახვლედიანი, იაშვილი, კუხიანიძე.