მარცინ გორტატმა კარიერა დაასრულა
მარცინ გორტატმა კარიერა დაასრულა

ცნობილმა პოლონელმა კალათბურთელმა მარცინ გორტატმა პროფესიული კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა.

„სპორტიდან მივდივარ. ვასრულებ საკალათბურთო კარიერას. მინდა, ყველას მადლობა გადავუხადო, ვინც მხარს მიჭერდა და ჩემს თამაშს თვალს ადევნებდა. ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ დასრულების დრო მოვიდა.

ახლა, სწორედ შესაფერისი მომენტია. ჩემს თავს მივეცი დრო იმის სანახავად, სად მიმიყვანდა ჩემი ცხოვრება და ახლა, სწორედ ასეთი გადაწყვეტილების დრო მოვიდა“, – მოჰყავს გორტატის სიტყვები Sportando-ს.

პოლონელი 2005 წლის NBA-ის დრაფტის 57-ე ნომერი იყო. ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში ის „ორლანდოში“, „ფინიქსში“, „ვაშინგტონსა“ და „კლიპერსში“ თამაშობდა. სულ რეგულარულ ჩემპიონატში 806 მატჩი ჩაატარა და საშუალოდ, 9.9 ქულა და 8.0 მოხსნა მიითვალა.