Marca - „ვალენსია“ მამარდაშვილში რეალურ თანხას, 35 მილიონს ითხოვს #1TVSPORT
Marca - „ვალენსია“ მამარდაშვილში რეალურ თანხას, 35 მილიონს ითხოვს #1TVSPORT

საკლუბო და სანაკრებო დონეზე წარმატებული თამაშების შემდეგ „ვალენსიამ“ გიორგი მამარდაშვილის თაობაზე ბევრი წინადადება მიიღო და კლუბმა მის ტრანსფერს რეალური ფასი დაადო, რაც სოლიდურ შემოსავალს მოუტანს, – ინფორმაციას ესპანური გამოცემა Marca ავრცელებს.

„აქამდე ცნობილი იყო, რომ „ვალენსია“ მეკარე გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერში კონტრაქტში ჩაწერილი 100 მილიონი ევროს გადახდას ითხოვდა, მაგრამ სატრანსფერო „ფანჯრის“ გახსნამდე „ღამურებს“ მადა შეუმცირდათ.

ერთი წლის წინ ქართველი მეკარისთვის 25 მილიონი ევროს გაცემაც კი არავინ ისურვა, მაგრამ 23 წლის მეკარის თავდაჯერებულმა თამაშმა საკლუბო დონეზე და საქართველოს ნაკრებში (რომელმაც სენსაცია მოახდინა და ევროპის ჩემპიონატზე გავიდა) მას რეალური ფასი დაადო.

დაინტერესების ზრდის საფუძველზე, „ვალენსიამ“ მამარდაშვილის სატრანსფერო ფასი რეალობას მიუახლოვა და უკვე 35 მილიონ ევროდ შეაფასა. ეს გუნდს ქართველის ტრანსფერზე რეალური მოლაპარაკების დაწყების საშუალებას მისცემს. ფაქტობრივად, ეს იქნება ქვედა ზღვარი, რომლითაც ესპანური კლუბი დაიწყებს მოლაპარაკებებს „ქართველის“ პოტენციურ მყიდველებთან, რომელთა შორისაც ადრე ლონდონის „ჩელსი“ დასახელდა. თუ მეკარის საფასურად კარგ შეთავაზებას მიიღებს, „ვალენსია“ მას უპრობლემოდ გაუშვებს“, – წერს პოპულარული ესპანური გამოცემა.