მარადონას მაისური აქციისთვის - ლეგენდა კორონავირუსით დაზარალებულებს ეხმარება
მარადონას მაისური აქციისთვის - ლეგენდა კორონავირუსით დაზარალებულებს ეხმარება

მსოფლიო ფეხბურთის არგენტინელი ლეგენდის, დიეგო მარადონას ინიციატივით, ბუენოს აირესის მახლობლად მდებარე მის მშობლიურ ქალაქ ლანუსის გაჭირვებულ ოჯახებს საჭირო საკვებითა და სამედიცინო პროდუქციით დაეხმარნენ.

გამოცხადებული აქციის ფარგლებში, შეგროვდა დაახლოებით ასი კილოგრამი საკვები, ასევე საჭირო სადეზინფექციო ხსნარი და კორონავირუსისგან დამცავი ნიღბები.

„მთელი გულით – ჩვენ ამას დავძლევთ” – ასეთი ოპტიმისტური წარწერა გააკეთა ფეხბურთის ლეგენდამ აქციის ფარგლებში გამოტანილ არგენტინის ნაკრების მაისურზე, რომლის გაყიდვითაც გაჭირვებული ოჯახებისთვის დამატებით სახსრები შეგროვდება. მასში მონაწილეობის უფლება მხოლოდ იმ ადამიანებს ექნებათ, რომლებიც საკვებისა და სამედიცინო პროდუქციის შესაძენად თანხები გაიღო.

მარადონას მაისური იმ ფორმის ასლია, რომლითაც 1986 წლის მექსიკის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ითამაშა – მაშინ არგენტინის ნაკრებმა გერმანია ანგარიშით 3:2 დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონობა მეორედ იზეიმა.

არგენტინა, ისევე როგორც მთელი მსოფლიო, Covid-19-ის გავრცელების შესაჩერებლად იბრძვის. ამავე დროს, ქვეყანა სერიოზული ეკონომიკური სირთულეების წინაშე აღმოჩნდა და ბევრმა არგენტინელმა სამსახური დაკარგა.