მარადონამ ზვონიმირ ბობანი რინგზე გამოიწვია
მარადონამ ზვონიმირ ბობანი რინგზე გამოიწვია

არგენტინული ფეხბურთის ლეგენდამ, დიეგო მარადონამ განაცხადა, რომ ფიფას ლეგენდების გუნდის კაპიტნის პოსტი დატოვა. ამის მიზეზად ორგანიზაციის ხელმძღვანელობის მხრიდან მის მიმართ უპატივცემულობა დაასახელა.

იტყობინებიან, რომ არგენტინელს კონფლიქტი ჰქონდა ფიფას გენერალური მდივნის თანაშემწესთან ზვონიმირ ბობანთან ხორვატიის ერთ-ერთ სასტუმროში, სადაც ცხოვრობნენ ფეხბურთელები, რომლებიც ფიფას ლეგენდების პროგრამაში მონაწილეობდნენ.

„გავუგზავნე წერილი ჯანი ინფანტინოს, რომელშიც ვაცნობე ფიფას ლეგენდების კაპიტნის პოსტიდან წასვლა.
მას შემდეგ, რაც ყოფილი პრეზიდენტი ბლატერი და არგენტინის საფეხბურთო ასოციაციის ექს-პრეზიდენტი გრონდონა წავიდნენ, ფიფა საერთოდ არ შეცვლილა. ყველაფერი ძველებურადაა. რამდენიმე ადამიანი მოგვათავსეს სასტუმროში. გვეპყრობოდნენ, როგორც პატარა ძაღლებს, რომლებსაც მხოლოდ კვება სჭირდებათ. არანაირი პატივისცემა. აი, რატომ გადავდექი. ახლა, თანდათან ყველაფერს ვიტყვი ფიფას ახალი ხელმძღვანელობის შესახებ.

მინდა ვუთხრა ბობანს – თუ სურს კარგად გამოვიდეს ამ სიტუაციიდან, ვიწვევ მას საკრივო რინგზე. ის არ უნდა გამოცხადებულიყო სასტუმროში და გამოეხატა უკმაყოფილება. ყველაზე ცუდი ის არის, რომ ბობანი ვიღაცის მიერ იყო გამოგზავნილი. და ეს ვიღაც არის – ინფანტინო. 20 წლის ბიჭი აღარ ვარ, 58 წლის ვარ. მტკივა, რადგან მჯეროდა ამ ადამიანების. ახლა, მათი აღარ მჯერა“, – თქვა მარადონამ.