მარადიშვილი თვის საუკეთესო მოთამაშეა
მარადიშვილი თვის საუკეთესო მოთამაშეა

კონსტანტინე მარადიშვილი მოსკოვის ცსკა-ს ოქტომბრის თვის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს, – ინფორმაციას რუსული კლუბის ვებგვერდი ავრცელებს.

თვის საუკეთესო მოთამაშეს, ტრადიციულად, გულშემატკივრები ავლენენ. ცსკა-ს გულშემატკივრების კენჭისყრის შედეგების მიხედვით, რომელიც კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე მიმდინარეობდა, წარმოშობით ქართველ ნახევარმცველს მხარი დაუჭირა გამოკითხულთა 18 პროცენტმა, რაც გამარჯვებისთვის საკმარისი გამოდგა. სულ კენჭისყრაში 13,447 ადამიანი მონაწილეობდა.

კონსტანტინე მარადიშვილი მონაწილეობდა გუნდის მიერ ოქტომბერში გამრთულ ხუთივე შეხვედრაში და საუკეთესოდ აღიარეს ეკატერინბურგისურალთან“ მატჩში, რომელშიც მან ცსკა-ს სახელით თავისი სადებიუტო გოლი გაიტანა.

კონსტანტინე მარადიშვილი რუსეთის მოქალაქეა. სულ გუნდის ფორმით 16 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა. ის რუსეთში დაბადებული და გაზრდილია. მამამისი, კობა მარადიშვილი გურჯაანელია, მაგრამ ბავშვობიდან თბილისში წამოიყვანეს და გლდანის ოლიმპიური მომზადების ცენტრში თემურ მახარაძესთან ვარჯიშობდა. თამაშობდა თბილისის „იმედში“, სადაც მწვრთნელი ისევ თემურ მახარაძე იყო, კარიერა „თეთრ არწივში” დაასრულა, რადგან ტრავმა მიიღო და თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო.

კობა მარადიშვილს სურს, რომ მისმა შვილმა საქართველოს სახელით ითამაშოს. ოჯახს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციიდან დაუკავშირდნენ და საფეხბურთო მოქალაქეობის შეცვლაც შესთავაზეს, მაგრამ კონსტანტინე რუსეთის მოქალაქეა, ამ ქვეყნის ახალგაზრდული ნაკრების წევრია და ჯერ მოქალაქეობის შეცვლას არ აპირებს.