მარადიშვილი რუსეთის ნაკრებში გამოიძახეს - კოსტია ეფექტური და სასარგებლოა, კარპინის მიწვევა მისი კლასის დასტურია #1TVSPORT
მარადიშვილი რუსეთის ნაკრებში გამოიძახეს - კოსტია ეფექტური და სასარგებლოა, კარპინის მიწვევა მისი კლასის დასტურია #1TVSPORT

დიდი ალბათობით, რუსეთის ნაკრებში კიდევ ერთი წარმოშობით ქართველი ითამაშებს, ხოლო საქართველოს ნაკრებში კიდევ ერთი საინტერესო მოთამაშის დამატების იმედი გადაგვეწურა – ვალერი კარპინმა გუნდში მოსკოვის „ლოკომოტივის“ საყრდენი ნახევარმცველი კონსტანტინე მარადიშვილი პირველად მიიწვია.

რუსეთის საფეხბურთო ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა იმ მოთამაშეთა გაფართოებული სია გამოაქვეყნა, რომლებმაც, შესაძლოა, კვიპროსთან და ხორვატიასთან გადამწყვეტ მატჩებში ითამაშონ. 41-კაციან გაფართოებულ სიაში 7 ახალწვეულია, მათ შორის – მარადიშვილი. ნოემბრის მატჩების საბოლოო სიაში 26-27 მოთამაშე დარჩება, საბოლოო სია კი პირველ ნოემბერს გახდება ცნობილი.

ამის შესახებ კომენტარი „ლოკომოტივის“ მთავარმა მწვრთნელმა, მარკუს გისდოლმა გააკეთა და ახალგაზრდა ფეხბურთელს წარმატება უსურვა.

„ეს სასიხარულო ამბავი და შრომის აღიარებაა, როცა ჩვენს ფეხბურთელს ნაკრებში იძახებენ. ამავე დროს, ეს მოთამაშის კლასის დადასტურებაცაა. შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი ხელმძღვანელობით, პირველ თამაშებში მარადიშვილმა ძალიან კარგად, ეფექტურად ითამაშა და გუნდს დიდი სარგებელი მოუტანა“, – განაცხადა გისდოლმა ტელეკომპანია „მატჩ ტვ“-ს ეთერში.

მარადიშვილისთვის ნაკრებთან ეს მიწვევა კარიერაში პირველი აღმოჩნდა. მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩებს რუსეთის ნაკრები 11 და 14 ნოემბერს კვიპროსთან და ხორვატიასთან ჩაატარებს. 21 წლის ფეხბურთელი მოსკოვშია დაბადებული და მოსკოვის ცსკა-ს აღზრდილია, მამით ქართველია, დედა – რუსი.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის ნაკრების კაპიტანი გიორგი ჯიქიაა, რომელმაც სამკლავური არტიომ ძიუბას შემდეგ მოირგო. ორივე მათგანს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ საქართველსო სახელით თამაში შესთავაზა, მაგრამ მათ რუსეთის სახელით თამაში ამჯობინეს.