მაქსიმე ქვილითაიამ კონტრაქტი ირანულ კლუბ „შაჰინ ბუშირთან“ გააფორმა
მაქსიმე ქვილითაიამ კონტრაქტი ირანულ კლუბ „შაჰინ ბუშირთან“ გააფორმა

ქუთაისის „ტორპედოს“ ყოფილი მეკარე მაქსიმე ქვილითაია კარიერას ირანულ „შაჰინ ბუშირში“ გააგრძელებს.

ირანული კლუბი შარშან რანგით მეორე დივიზიონში თამაშობდა, თუმცა სუპერლიგის საგზური მოიპოვა და წელს ასპარეზობას უძლიერესთა შორის გააგრძელებს.

ქვილითაიამ გუნდთან ერთად უკვე გამართა სამი ამხანაგური მატჩი.

ქართველმა მეკარემ ფეისბუქ გვერდზე ქუთაისის „ტორპედოს“ მადლობა გადაუხადა, განსაკუთრებით დიდი სიყვარულით კი კლუბის ერთგულ გულშემატკივრებს მიმართა:

„ცოტა გვიან, მაგრამ აუცილებლად მინდა მადლობა გადავუხადო ქუთაისის „ტორპედოს“ იმ დიდ ოჯახს, რომელშიც მე გავატარე 3 წელზე მეტი. ამ პერიოდში შევიძინე ბევრი მეგობარი, გავიზიარე დიდი სიხარული და წარმატება გუნთან ერთად. ვიგრძენი სიყვარული და პატივისცემა როგორც გუნდის წევრებისგან, ასევე ყველაზე მაგარი გულშემატკივრებისგან! წარმატებები და კიდევ ბევრი გამარჯვება ეზეიმოს ქუთაისის „ტორპედოს“ როგორც ჩემპიონატში, ასევე ევრო ტურნირებზე“.

მაქსიმე ქვილითაიამ ირანულ კლუბთან ერთ წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. მასთან ერთად „შაჰინ ბუშირის“ ღირსებას კიდევ ერთი ქართველი – ლუკა გადრანი დაიცავს.