მაქსიმე ქვილითაიამ კარიერა დაასრულა და ქუთაისის „ტორპედოში“ მწვრთნელად დაბრუნდა #1TVSPORT
მაქსიმე ქვილითაიამ კარიერა დაასრულა და ქუთაისის „ტორპედოში“ მწვრთნელად დაბრუნდა #1TVSPORT

მაქსიმე ქვილითაია ქუთაისის „ტორპედოს“ ოთხწლიანი პაუზის შემდეგ ახალ ამპლუაში დაუბრუნდა – 37 წლის მეკარემ, რომელიც ეროვნული ნაკრების კანდიდატიც იყო და ბოლო დროს წყალტუბოს „სამგურალში“ თამაშობდა, კარიერა დაასრულა და კახა ჩხეტიანის სამწვრთნელო შტაბს შეუერთდა. იანვრიდან ქვილითაია ქუთაისელთა მეკარეების მწვრთნელად მუშაობს.

„გახარებული ვარ, რომ ისევ ქუთაისის „ტორპედოში“ დავბრუნდი – აქ ჩემთვის ნაცნობი გარემოა. შემოთავაზება მქონდა კახა ჩხეტიანისგან, მან ჯერ კიდევ ზაფხულში დამირეკა. მაშინ წყალტუბოს „სამგურალთან“ კონტრაქტი მქონდა, მის დასრულებას დაველოდე და „ტორპედოს“ იანვარში შევუერთდი.

ახალ ამპლუაში მუშაობა ჩემთვის დიდი გამოწვევა და პასუხისმგებლობაა. ვეცდები, რომ „ტორპედოს“ გულშემატკივარი გავახაროთ და ერთად ბევრი გამარჯვება ვიზეიმოთ.

ახალ ამპლუაში ცოტა სხვანაირად შევხედე ფეხბურთს, მწვრთნელად მუშაობა ძალიან საინტერესოა. სამწვრთნელო პროცესში ყოველდღე ხარ ჩართული. ყველაფერს გავაკეთებ, რომ ჩვენი მეკარეები სეზონის დაწყებას მაქსიმალურად კარგ ფორმაში შეხვდნენ.

ჩემ მოსვლამდე გუნდში როინ კვასხვაძე და ავთანდილ ლაბაძე იყვნენ. ახლა „ლოკომოტივიდან“ გამოცდილი ოთო გოშაძეც დაგვემატა. გუნდში მეგობრული ვითარება და ჯანსაღი კონკურენციაა. მე კი ბიჭებს დავეხმარები, რომ უკეთესები გახდნენ“, – ამბობს მაქსიმე ქვილითაია.