მაქსიმე ქვილითაია - გამიხარდება, თუ თასს ჩემს ორ ვაჟთან ერთად აღვმართავ #1TVSPORT
მაქსიმე ქვილითაია - გამიხარდება, თუ თასს ჩემს ორ ვაჟთან ერთად აღვმართავ #1TVSPORT

დღეს, 8 დეკემბერს, ქუთაისში დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის ფინალში „სამგურალი“ თბილისის „საბურთალოს“ დაუპირისპირდება. წყალტუბოს „სამგურალის“ მეკარე მაქსიმე ქვილითაია გუნდში ყველაზე გამოცდილი მოთამაშეა და ამჟამად ფინალში მესამე გუნდის სახელით ითამაშებს.

„გუნდში საბრძოლო განწყობა და მოტივაციაც დიდია, ბიჭებს გათავისებული გვაქვს თუ რა მნიშვნელობის თამაშია, ფინალში ერთმანეთს ორი ძლიერი გუნდი დაუპირისპირდება, ვფიქრობ, რომ შეგვწევს ძალა, ჩვენი მოლოდინები გავამართლოთ და ბოლომდე ვიბრძოლებთ გამარჯვებისთვის. ეს ფინალი მინდა მიუძღვნა ჩემს ოჯახს, გამიხარდება, თუ თასს ჩემს ორ ვაჟთან ერთად აღვმართავ“, – ამბობს მაქსიმე ქვილითაია.

იგი საქართველოს თასის ფინალისტი სულ ხუთჯერ იყო – 2011, 2016, 2017 და 2018 წლებში ქუთაისის „ტორპედოში“ ირიცხებოდა, ხოლო ერთხელ (2014) – საჩხერის „ჩიხურაში“. მისი გუნდი ამ მატჩებში გამარჯვებული ორჯერ გამოვიდა – 2016 და 2018 წლებში თასის მფლობელი ქუთაისის „ტორპედოს“ სახელით გახდა.

დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის ფინალი „სამგურალსა“ და „საბურთალოს“ შორის 8 დეკემბერს, „რამაზ შენგელია არენაზე” 17:00 დაიწყება.