მაქს ჰოლოვეი „იუ-ეფ-სი“ (UFC) 236-ზე მსუბუქ წონით კატეგორიაში დროებითი ქამრისთვის იბრძოლებს
მაქს ჰოლოვეი „იუ-ეფ-სი“ (UFC) 236-ზე მსუბუქ წონით კატეგორიაში დროებითი ქამრისთვის იბრძოლებს

ქვემსუბუქ წონით კატეგორიაში „იუ-ეფ-სი“-ს (UFC) მოქმედი ჩემპიონი მაქს ჰოლოვეი 13 აპრილს ატლანტაში ამჯერად უკვე მსუბუქ წონით კატეგორიაში იბრძოლებს. ამერიკელი ათლეტის მეტოქე დროებითი ქამრისთვის ბრძოლაში დასტინ პორიე იქნება. „იუ-ეფ-სი“-ს პრეზიდენტმა დანა ვაიტმა განაცხადა, რომ რადგან მსუბუქი წონითი კატეგორიის ჩემპიონ ხაბიბ ნურმაგომედოვს ერთ წლიანი დისკვალიფიკაცია აქვს, აქედან გამომდინარე საჭირო გახდა დროებითი ტიტულისთვის ორთაბრძოლის გამართვა. ხაბიბი ოქტაგონზე გამოჩენას 9 თვის მანძილზე ვერ შეძლებს.

დაუმარცხებელი ჩემპიონი ნევადის სადისციპლინო კომიტეტმა კონორ მაკგრეგორთან მოგებული ბრძოლის შემდეგ მომხდარი ინციდენტის გამო დასაჯა. ასე რომ რუს მებრძოლს „იუ-ეფ-სი“-ში მიმდინარე წლის ოქტომბრამდე ვერ ვიხილავთ. ვრცელდება ინფორმაცია, რომ მსუბუქი წონითი დივიზიონის დროებითი ქამრისთვის ბრძოლა თავდაპირველად რანგით პირველ მებრძოლ ტონი ფერგიუსონს შესთავაზეს, თუმცა მან ჰოლოვეისთან ბრძოლაზე უარი თქვა. ტიტულისთვის ვერც კონორ მაკგრეგორი იჩხუბებს, რომელიც ასევე 6 თვიან დისკვალიფიკაციას იხდის. ირლანდიელის დაბრუნება ზაფხულში იგეგმება, მისი სავარაუდო მეტოქე კი ვეტერანი დონალდ „კავბოი“ სერონე იქნება.

დასტინ პორიემ ჰოლოვეისთან დაპირისპირებამდე ზედიზედ სამი ბრძოლის მოგება შეძლო (ედი ალვარესი, ჯასტინ გაეტჟე და ენტონი პეტისი). რაც შეეხება მაქს ჰოლოვეის, ამერიკელმა ქვემსუბუქ წონაში 2016 წლის დეკემბერში მოიპოვა ჩემპიონის ქამარი და მას შემდეგ სამჯერ მოახერხა ტიტულის დაცვა. ჰოლოვეიმ ენტონი პეტისს, ორჯერ ჟოზე ალდოს და ბრაიან ორტეგას სძლია. მაქს ჰოლოვეისა და დასტინ პორიეს დაპირისპირების გარდა „იუ-ეფ-სი“ 236-ზე საშუალო წონით კატეგორიის ქამარიც გათამაშდება. დაუმარცხებელი ისრაელ ადესანია კელვინ გასტელუმს შეხვდება.

დატოვე კომენტარი