მაქს ჰოლოვეი აცხადებს, რომ ხაბიბ ნურმაგომედოვთან ბრძოლით კვლავ დაინტერესებულია (ვიდეო)

აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის ქვემსუბუქი წონის ჩემპიონი მაქს ჰოლოვეი შაბათს ტიტულის დაცვას კიდევ ერთხელ შეეცდება. ჰავაელი მებრძოლი ლას ვეგასში ალექსანდერ ვოლკანოვსკის დაუპირისპირდება.

ქვემსუბუქი წონის დომინანტი ჩემპიონი, როგორც ირკვევა კვლავ არის დაინტერესებული მსუბუქი წონის ჩემპიონთან ხაბიბ ნურმაგომედოვთან დაპირისპირებით. ამ ორს შორის ბრძოლა UFC 223-ის ეგიდით წლების წინ უნდა გამართულიყო, თუმცა ჰოლოვეიმ ტრავმის გამო, ხაბიბის წინააღმდეგ ოქტაგონზე გასვლა ვერ შეძლო.

„იაჰუ სპორტის” (Yahoo Sports) ჟურნალისტთან კევინ ლოულთან მიცემულ ინტერვიუში ჰოლოვეიმ საკუთარ კარიერაზე და ხაბიბთან შესაძლო ბრძოლაზე ისაუბრა.

„მიუხედავად იმისა, რომ ხაბიბმა კონორიც დაამარცხა და პორიეც, ვფიქრობ ჩემთან ბრძოლა განსხვავებული სცენარით წარიმართება. ხაბიბს აქვს პრეტენზია, რომ ის ამ სპორტში ისტორიის მანძილზე საუკეთესოა. ასეთი პრეტენზია მეც გამაჩნია და სწორედ აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ ჩვენი ბრძოლა შედგება. ჩვენ ორივეს ერთი მიზანი გაგვაჩნია და ვფიქრობ, რომ იმ შემთხვევაში თუ ბრძოლა შედგება, ეს იქნება UFC-ის ისტორიაში ყველაზე დასამახსოვრებელი დაპირისპირება.“