მაქს ფერსტაპენმა „მერსედესის“ მოგებათა სერია შეწყვიტა
მაქს ფერსტაპენმა „მერსედესის“ მოგებათა სერია შეწყვიტა

ბრიტანეთში, „სილვერსტოუნის“ ტრასაზე გაიმართა ფორმულა 1-ში მსოფლიოს ჩემპიონატის მეხუთე ეტაპი და ამ სეზონში „მერსედესის“ მოგებათა სერია შეწყდა.

„რედ ბულის“ პილოტმა, მაქს ფერსტაპენმა ტაქტიკურად დაამარცხა კონკურენტები „მერსედესიდან“ და 2020 წლის სეზონში პირველ გამარჯვებას მიაღწია.

ნიდერლანდელმა პილოტმა მეოთხე პოზიციიდან აიღო სტარტი. მან პირველი მოსახვევის წინ გაუსწრო ნიკო ჰიულკენბერგს, შემდეგ კი მაქსიმალურად გვიან შევიდა პირველ პიტსტოპზე. გვიანი გაჩერების ხარჯზე, ფერსტაპენმა გაუსწრო ლუის ჰემილტონს, შემდეგ კი უფრო ახალი საბურავების წყალობით უკან ჩამოიტოვა ვალტერი ბოტასი. მართალია, ნიდერლანდელმა მეორე პიტსტოპი თავიდან ვერ აიცილა, მაგრამ ასევე ორჯერ გაჩერება მოუწიათ „მერსედესის” პილოტებს.

დისტანციის ბოლო ნაწილში ფერსტაპენი ოთხი წამით დაშორდა ბოტასს და ცხრა წამით – ჰემილტონს, რომელსაც ყველაზე გვიან ჰქონდა მეორე პიტსტოპი. ლუისი ბოლო წრეებზე დაეწია და გაუსწრო შარლ ლეკლერსა და ბოტასს, მაგრამ მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა ფერსტაპენთან მიახლოება ვერ შეძლო. „რედ ბულის“ პილოტმა რბოლა ცხრაწამიანი უპირატესობით მოიგო. ფერსტაპენისთვის ეს არის კარიერაში მეცხრე გამარჯვება.ჰემილტონი მეორეზე გავიდა, ბოტასი მესამეზე. საერთო ჩათვლაში ლუისი 107 ქულით ლიდერობს. მისი უახლოესი მდევარი ფერსტაპენი გახდა 77 ქულით. 73 ქულით მესამეა ბოტასი.

აღსანიშნავია, რომ ლუის ჰემილტონი კარიერაში 155-ედ ავიდა პოდიუმზე, რაც ლეგენდარული გერმანელის მიხაელ შუმახერის რეკორდის გამეორებაა.