მაქს ფერსტაპენმა განაცხადა, რომ „რედ ბულიდან“ წასვლას არ აპირებს #1TVSPORT
ფორმულა 1-ში მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა, „რედ ბულის“ პილოტმა მაქს ფერსტაპენმა უარყო ჭორები თავისი ამჟამინდელი გუნდიდან წასვლის შესახებ.
უფრო ადრე „რედ ბულის“ მრჩეველმა ჰელმუტ მარკომ განაცხადა, რომ ფერსტაპენის კონტრაქტში არის პუნქტი, რომლის მიხედვითაც მას შეუძლია სეზონის შემდეგ დატოვოს გუნდი სუსტი შედეგების შემთხვევაში.
„სიმართლე გითხრათ არ ვიცი, რატომ თქვა ეს მარკომ. მე უბრალოდ ვაგრძელებ მუშაობას და ვცდილობ მანქანა უკეთესი გახდეს. რა თქმა უნდა, ბაჰრეინში ყველაფერი არ ყოფილა წესრიგში. ამით ძალიან იმეგაცრუებულები ვართ და ვცდილობთ გავაუმჯობესოთ ბოლიდი, მოვიფიქროთ ახალი იდეები.
მინდა თუ არა „რედ ბულიდან“ წასვლა? არა. მოდით, თქვენ კონცენტრირებულნი იყავით კომენტარებზე, მე – რბოლებზე. ამ შემთხვევაში აღარ მოგიწევთ სხვა რამეებზე ფიქრი“, – განაცხადა ფერსტაპენმა.
2025 წლის სეზონის ხუთი რბოლის შემდეგ მაქს ფერსტაპენი „მაკლარენის“ პილოტებს ლანდო ნორისსა და ოსკარ პიასტრის ჩამორჩება და საერთო ჩათვლაში მესამე ადგილზეა.
სეზონს შემდეგ რბოლა 20 აპრილს საუდის არაბეთში გაიმართება.