მაქაცარია „გაგრაში“ დაბრუნდა - კონტრაქტი გავაფორმე, მაგრამ უზბეკეთში პირობების შეცვლა რომ სცადეს, წამოვედი #1TVSPORT
„ჩვენს გუნდში დაბრუნდა თამაზ მაქაცარია, რომელიც შარშანდელ სეზონში, ლიგა 2-ის საუკეთესო ბომბარდირი გახდა“ – ეს ინფორმაცია „გაგრამ“ ეროვნული ლიგის საშემოდგომო ეტაპის განახლებამდე ერთი დღით ადრე გაავრცელა.
ეს მოულოდნელი სიახლე გახდა 20 ივლისს გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ – მაშინ საქართველოს პირველ არხს თავად ფეხბურთელმა უთხრა, რომ კარიერას უზბეკეთში, ფერგანას „ნეფთჩიში“ გააგრძელებდა.
26 წლის თავდამსხმელი წელს „გაგრადან“ გორის „დილაში“ გადავიდა, მაგრამ ზაფხულში გუნდი დატოვა. თამაზ მაქაცარიამ „ნეფთჩისთან“ კონტრაქტზე ხელი ონლაინ-რეჟიმში მოაწერა – ხელშეკრულება 0,6 პლუს 1 წელზე იყო გათვლილი.
საქართველოში მოულოდნელ დაბრუნებაზე კომენტარი ფეხბურთელმა საქართველოს პირველ არხთან გააკეთა და როგორც გვითხრა, უზბეკეთში კლუბმა პირობების შეცვლა შესთავაზა.
„თავად წამოვედი „ნეფჩიდან“. უზბეკეთში, ფაქტობრივად, გადასული ვიყავი, რადგან შეთავაზება მომივიდა და ხელი მოვაწერე. შემდეგ იქ ჩავედი, სამედიცინო შემოწმებას ველოდებოდი და ამის მაგივრად, სხვა პირობების შეთავაზება დაიწყეს. ეს კი წინასწარ გამოგზავნილ კონტრაქტში არ ეწერა. ამაზე არ დავთანხმდი, ვერ შევთანხმდით და რა თქმა უნდა, უკან წამოვედი“, – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან თაზო მაქაცარიამ.