მანუელ ნოიერი კარიერის დასრულებასთან ახლოსაა – „ბაიერნი“ ახალი მეკარის ძიებას იწყებს #1TVSPORT
მიუნხენის „ბაიერნის“ მეკარე მანუელ ნოიერი, დიდი ალბათობით, მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ პროფესიულ კარიერას დაასრულებს, – ინფორმაციას გერმანული Sky Sport-ი ავრცელებს.
წყაროს ცნობით, 40 წლის ფეხბურთელი, მიღებული ტრავმის მიუხედავად, კარიერის მყისიერად დასრულებას არ განიხილავს. მისი მთავარი მიზანი გამოჯანმრთელება, მოედანზე დაბრუნება და 2026/27 წლების სეზონის ბოლომდე თამაშია.
Sky Sport-ის ცნობით, 2027 წლის ზაფხულში ნოიერის კარიერის დასრულების ალბათობა 99.9 პროცენტით ფასდება, თუმცა თავად ფეხბურთელს საბოლოო გადაწყვეტილება ოფიციალურად ჯერ არ გამოუცხადებია.
გერმანული გრანდის ხელმძღვანელობა ლეგენდარული მეკარის წასვლისთვის უკვე ემზადება. მომავალი სეზონიდან „ბაიერნის“ ძირითად მეკარედ იონას ურბიგი მოიაზრება, კლუბი კი მისთვის გამოცდილი შემცვლელის მოძიებას გეგმავს.
კანდიდატებს შორის ოლივერ ბაუმანი, ბერნდ ლენო და ლორის კარიუსი არიან. მიუნხენელები კიდევ ორ მეკარეს განიხილავენ, რომელთა ვინაობაც ამ ეტაპზე უცნობია.
გავრცელებული ინფორმაციით, „ბაიერნის“ ხელმძღვანელობა წლის ბოლომდე კანდიდატურებს კიდევ ერთხელ განიხილავს, რის შემდეგაც პოტენციურ ახალწვეულებთან პირველადი კონტაქტები შედგება.
ნოიერი „ბაიერნში“ 2011 წლიდან თამაშობს. გერმანელ მეკარეს მიუნხენურ კლუბთან ერთად ჩემპიონთა ლიგა ორჯერ აქვს მოგებული, ხოლო 2014 წელს გერმანიის ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.