მანუჩარ მარკოიშვილმა სუპერლიგა გამარჯვებით გახსნა
მანუჩარ მარკოიშვილმა სუპერლიგა გამარჯვებით გახსნა

სუპერლიგის პირველი ტურის ბოლოსწინა მატჩში მანუჩარ მარკოიშვილის გაწვრთნილმა „ტიტებმა“ ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის „ცხუმ-აფხაზეთს“ 87:71 სძლია.

შეხვედრის პირველი ნახევარი „ცხუმ-აფხაზეთმა“ 41:39 მოიგო. მესამე პერიოდში „ტიტების“ მოთამაშეებმა გარდატეხა მოახდინეს, რაც თეიმურაზ ბაბუნაშვილის, აკაკი ლომოურისა და დავით ლომიძის გააქტიურებას მოჰყვა. „ტიტების“ ამერიკელი ლეგიონერები მანამდეც შედეგიანად ირჯებოდნენ, თუმცა როცა მათ ქართველებმაც აუბეს მხარი, მარკოიშვილის გუნდს აღარ გასჭირვებია.

მესამე პერიოდის ბოლოს და მეოთხეს დასაწყისში დავით ლომიძემ 12 ქულა მიითვალა, რითაც ტიტების სოლიდურ დაწინაურებას დაუდო სათავე და თამაში ისე ჩამთავრდა, „ცხუმ-აფხაზეთს“ ვითარების გამოსწორების შანსი არც მისცემია.

20 ქულით ბომბარდირი ტაილან ბერტსი გახდა, 18 ქულა და 8 მოხსნა ჯორდონ თალიმ მიითვალა, დავით ლომიძის ანგარიშზე კი 16 ქულა დაგროვდა. „ცხუმ-აფხაზეთში“ 20 ქულითა და 9 მოხსნით საუკეთესო იყო გიორგი შარაბიძე.

მატჩის დაწყებამდე ტიტების ყოფილი მოთამაშე, ბესიკ ლეჟავა 70-ნომრიანი მაისურით კლუბის გენერალურმა მენეჯერმა გიორგი ჯაფარიძემ დააჯილდოვა. ეროვნული ნაკრების ყოფილმა წევრმა სათამაშო კარიერას თავი დაანება და „ტიტებში“ მთავარი მწვრთნელის ასისტენტად აგრძელებს მუშაობას.

gbf.ge

დატოვე კომენტარი