მანუჩარ მარკოიშვილი - საქართველოში ნიჭიერი კალათბურთელების პრობლემა არასდროს გვექნება
მანუჩარ მარკოიშვილი - საქართველოში ნიჭიერი კალათბურთელების პრობლემა არასდროს გვექნება

საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში“ სტუმრად იმყოფებოდნენ საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მოთამაშეები ბექა ბურჯანაძე და გიორგი შერმადინი, ასევე მთავარი მწვრთნელის საისტენტი მანუჩარ მარკოიშვილი, რომლებმაც ნაკრების მოახლოებული მატჩების შესახებ ისაუბრეს.

„ძალიან მიხარია, ჩემს ყოფილ თანაგუნდელებთან ერთად ახალ ამპლუაში რომ მიწევს მუშაობა“, – განაცხადა მარკოიშვილმა, – „მოახლოებულ მატჩებში გარკვეულ ექსპერიმენტებს მივმართავთ და ამის მიზეზი ჩვენი წამყვანი კალათბურთელების, გოგა ბითაძის, თორნიკე შენგელიას და სხვების არყოფნაა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთვის ამ შესარჩევში მონაწილეობა სიმბოლურ ხასიათს ატარებს, გულშემატკივარს ვთხოვ, რომ მოვიდეს და მხარი დაგვიჭიროს“.

შეკითხვაზე, თუ როგორ მიმდინარეობს გუნდში თაობათა ცვლა, მარკოიშვილმა უპასუხა, რომ პრობლემატური ეს პროცესი არ იქნება.

„საქართველოში ყოველთვის იყვნენ და იქნებიან ნიჭიერი ახალგაზრდები, იმიტომ, რომ ჩვენ ვართ ქვეყანა, სადაც კალათბურთი ყველას ძალიან უყვარს და ამ სპორტის სახეობაში ძალიან ბევრი ბავშვია ჩართული. ერთადერთი, რაც შემაფერხებელ ფაქტორად შეიძლება იქნას განხილული, გამოცდილების არქონაა: სამწუხაროდ, ქართული გუნდებიდან არავინ იღებს მონაწილეობას ევროპულ ტურნირებზე“, – განაცხადა მარკოიშვილმა.

20 და 23 თებერვალს საქართველოს ნაკრები ევრობასკეტ 2021-ის პირველ ორ შესარჩევ მატჩს გამართავს. პირველი შეხვედრა თბილისის სპორტის სასახლეში შვეიცარიის წინააღმდეგ გაიმართება, 23 თებერვალს კი ჩვენი გუნდი სტუმრად სერბეთს დაუპირისპირდება.

ორივე მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

აქვე შეგახსენებთ, რომ საქართველო 2021 წლის ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატის ერთ-ერთი მასპინძელი ქვეყანაა, რის გამოც საქართველოს ნაკრებს ფინალურ სტადიაზე ადგილი გარანტირებული აქვს. ამიტომ, ჩვენი გუნდისთვის შესარჩევი ციკლი სიმბოლურ ხასიათს ატარებს.