მანჯუკიჩმა და ვარანმა რეკორდები გაიმეორეს
ფრანგი რაფაელ ვარანი ფეხბურთის ისტორიაში მეოთხე მოთამაშეა, რომელმაც ერთ სეზონში მსოფლიო ჩემპიონატზე და ჩემპიონთა ლიგაზე ერთდროულად გაიმარჯვა.
საფრანგეთის ეროვნული ნაკრების 25 წლის მცველმა 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ითამაშა, ხორვატების დამარცხებაში (4:2) თავისი წვლილი შეიტანა და მსოფლიო ჩემპიონატი თავისი კარიერაში პირველად მოიგო. ორი თვით ადრე კი ვარანი მადრიდის “რეალში” ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულიც გახდა.
ერთ სეზონში ჩემპიონთა ლიგა და მსოფლიო ჩემპიონატი მხოლოდ სამმა ფეხბურთელმა მოიგო – ფრანგმა კრისტიან კარამბემ (1998), ბრაზილიელმა რობერტო კარლოსმა (2002) და გერმანელმა სამი ჰადირმა (2014). საინტერესოა, რომ ყველა მათგანი “რეალის” მოთამაშე იყო. აღსანიშნავია, რომ რაფაელ ვარანი უეფას ჩემპიონთა ლიგის ოთხგზის გამარჯვებულია (2014, 2016, 2017, 2018).
ისტორიაში შევიდა მარიო მანჯუკიჩიც – მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ფრანგებთან 32 წლის ხორვატმა თავდამსხმელმა 69-ე წუთზე გაიტანა და ფეხბურთის ისტორიაში მეხუთე ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგისა და მსოფლიო ჩემპიონატების ფინალებში გაიტანა.
მანამდე მსგავსი მიღწევა ჰქონდათ ფერეკ პუშკაშს, ზოლტან ციბორის, გერდ მულერსა და ზინედინ ზიდანს.
მანჯუკიჩმა თავი გამოიჩინა ჩემპიონთა ლიგის 2017 წლის ფინალში, სადაც მისი გუნდი, ტურინის “იუვენტუსი” მადრიდის “რეალთან” 1:4დამარცხდა.
მანჯუკიჩი ისტორიაში კიდევ ერთი მაჩვენებლით შევიდა: საფრანგეთისა და ხორვატიის შეხვედრაშიც ანგარიში მან გახსნა – ხორვატმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა და მსოფლიო თასის ფინალში პირველი ავტოგოლის ავტორი გახდა.