„მანჩესტერ სიტის“ ყოფილმა ნახევარმცველმა „შუქურაში“ თავი ვერ გამოავლინა და გუნდი დატოვა #1TVSPORT
„მანჩესტერ სიტის“ ყოფილმა ნახევარმცველმა „შუქურაში“ თავი ვერ გამოავლინა და გუნდი დატოვა #1TVSPORT

„მანჩესტერ სიტიდან“ ქობულეთის „შუქურაში“ გადასულმა კოლინს ტენორმა ვერ გაამართლა და კლუბი იძულებული გახდა, 23 წლის განელ ნახევარმცველთან კონტრაქტი შეეწყვიტა – ინფორმაციას ქობულეთური კლუბის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

„ურთიერთშეთანხმების საფუძველზე „შუქურა“ კოლინს ტენორმა დატოვა. მადლობას ვუხდით კოლინსს გუნდში გაწეული შრომისათვის და წარმატებას ვუსურვებთ“, – წერია „შუქურას“ განცახდებაში.

კოლინს ტენორი „მანჩესტერ სიტის“ ყოფილი ნახევარმცველია, რომელიც „შუქურაში“ აპრილში ჩაირიცხა და ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა. მაგრამ ეროვნული ლიგის მსვლელობისას განელმა ფეხბურთელმა თავი ვერ გამოიჩინა და გუნდიდან წასვლა მოუხდა.

არადა, ახალგაზრდა მოთამაშეს საინტერესო ისტორია ჰქონდა – ქობულეთურშუქურამდე“ 2016–2020 წლებში „მანჩესტერ სიტის“ ფეხბურთელი იყო. მიუხედავად ამისა, ინგლისურ გრანდში არასოდეს უთამაშია და იჯარით მუდამ სხვაგან უშვებდნენ – დანიურ „ნორდშელანდში“, „ჰობროსა“ და „ტისტედში“, ასევე ბელგიურ „ბეერსჰოტში“, იყო განის 17-წლამდელთა ნაკრების კაპიტანი.

გასულ ზაფხულს დანიის მესამე ლიგის „ტისტედთან“ იჯარა დაუსრულდა და „მანჩესტერ სიტიმ“ გაათავისუფლა. „შუქურას“ 23 წლის განელი ფეხბურთელი ქობულეთურ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.

აქვე ვიტყვით, რომ ეროვნული ლიგისთვის „შუქურა” მოსამზადებელ პერიოდს ბობოყვათის საწვრთნელ ბაზაზე გადის. შაბათს, 7 აგვისტოს, ეროვნული ლიგის 22-ე ტურში ქობულეთელები „ლოკომოტივს“ ესტუმრებიან და ჩემპიონატს საგურამოს „ლოკო-არენაზე“ მატჩით განაახლებენ.