„მანჩესტერ სიტიმ“ ზედიზედ მეორედ მოიგო ინგლისის სუპერთასი (ვიდეო)
„მანჩესტერ სიტიმ“ ზედიზედ მეორედ მოიგო ინგლისის სუპერთასი (ვიდეო)

ლონდონის „უემბლის“ სტადიონზე ინგლისის სუპერთასის ფინალი შედგა. იმის გამო, რომ გასულ სეზონზე „მანჩესტერ სიტიმ“ დუბლი შეასრულა, ხოსეპ გვარდიოლას გუნდს სუპერთასისთვის ვიცე-ჩემპიონი „ლივერპული“ ებრძოდა.

პირველი გოლი უკვე მე-12 წუთზე გავიდა, რომლის ავტორი რაჰიმ სტერლინგი გახდა. საგოლე გადაცემა დავიდ სილვას ეკუთვნოდა.

უნდა აღინიშნოს, რომ სტატისტიკურად „ლივერპულმა“ აჯობა მეტოქეს – ბურთის ფლობა 53:47 პროცენტი იყო, დარტყმების რაოდენობა – 17:8, ზუსტი დარტყმები – 9:3, კუთხურები – 7:2.

საბოლოოდ, იურგენ კლოპის გუნდმა მოახერხა ამ უპირატესობის რეალიზაცია და ანგარიშის გათანაბრება – საჯარიმოდან ჩაწოდების შემდეგ, ვირჯინ ვან დეიკმა ბურთი ჟოელ მატიპს დაუგდო, რომელმაც ზუსტად დაარტყა.

ძირითადი დრო ანგარიშით 1:1 დასრულდა, რასაც პენალტების სერია მოჰყვა, რომელშიც „სიტიმ“ ხუთივე გაიტანა, „ლივერპულის“ მხრიდან კი ერთი პენალტი ჯორჯინიო ვიინალდუმმა გააფუჭა.

მანჩესტერულმა გუნდმა ზედიზედ მეორედ მოიგო ინგლისის სუპერთასი. ეს არის მეშვიდე ტიტული ხოსეპ გვარდიოლასთვის „სიტის“ მთავარი მწვრთნელის რანგში.

ლივერპული-მანჩესტერ სიტი 1:1 პენ. 4:5

გოლები: 0:1 სტერლინგი (12), 1:1 მატიპი (77)

ლივერპული: ალისონი, ალექსანდერ-არნოლდი (67. მატიპი), გომესი, ვან დეიკი, რობერტსონი, ვიინალდუმი, ფაბინიო (67. კეიტა), ჰენდერსონი (79. შაჩირი), სალაჰი, რობერტო ფირმინო (79. ლალანა), ორიგი (79. ოქსლეიდ-ჩემბერლენი).

მანჩესტერ სიტი: ბრავო, უოკერი, სტოუნზი, ოტამენდი, ზინჩენკო, დე ბრუინი (89. ფოდენი), ერნანდესი, დავიდ სილვა (61. გიუნდოგანი), ბერნარდო სილვა, სტერლინგი, სანე (13. გაბრიელ ჟესუსი).

დატოვე კომენტარი