„მანჩესტერ სიტიმ“ ქინქლაძის ტრანსფერი გაიხსენა და ქართველი ფეხბურთელის ვიდეო გამოაქვეყნა  [ვიდეო] #1TVSPORT
„მანჩესტერ სიტიმ“ ქინქლაძის ტრანსფერი გაიხსენა და ქართველი ფეხბურთელის ვიდეო გამოაქვეყნა  [ვიდეო] #1TVSPORT

ჩემპიონთა ლიგის ფინალისტ „მანჩესტერ სიტის“ ტვიტერის გვერდზე გიორგი ქინქლაძის ტრანსფერი გაიხსენეს.

„26 წლის წინ ქართველმა გენიოსმა ჩვენთან კონტრაქტი გააფორმა“, – ამ ლაკონური პოსტით ინგლისურმა გრანდმა კიდევ ერთხელ გაიხსენა ქართველი ვარსკვლავი, რომელმაც გუნდის ლეგენდებში გადაინაცვლა.

გიორგი ქინქლაძე „მრეტებში“ გამოჩნდა, 1992 წელს კი თბილისის „დინამომ“ გადაიყვანა. ევროპაში პირველად საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 1994 და 1995 წლებში უელსის ნაკრებთან ჩატარებული მატჩების შემდეგ გაიცნეს.

„დინამოდან“ ინგლისის პრემიერლიგის „მანჩესტერ სიტიში“ 1995 წელს გადავიდა, სადაც გასაოცარი დრიბლინგით, გოლებითა და გადაცემებით საკულტო გმირი გახდა და ორჯერ კლუბის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტული მიიღო.

„სიტის“ გულშემატკივრებს ქართველმა ვარსკვლავმა თავი მისი საქციელით შეაყვარა – გუნდი მეორე ლიგაში დაქვეითდა და მანჩესტერული კლუბის დასახმარებლად არაერთ მიწვევაზე უარი თქვა, მათ შორის, „ლივერპულის“ წინადადებაზეც და გუნდის დახმარება გადაწყვიტა.

მაგრამ გუნდის რანგით მესამე ლიგაში დაქვეითების შემდეგ, ქინქლაძე 1998 წელს ნიდერლანდების ჩემპიონს, ამსტერდამის „აიაქსს“ შეუერთდა, სადაც ფეხი ვერ მოიკიდა კლუბში და ინგლისში 2000 წელს დაბრუნდა – ამჯერად, „დერბი ქაუნთიში“ ჩაირიცხა.

2003 წელს კლუბის დატოვების შემდეგ ჰქონდა სხვადასხვა გუნდში გადასვლის რამდენიმე წარუმატებელი მცდელობა, სანამ არ შეუერთდა კვიპროსულ კლუბ „ანორთოსისს“ 2004 წელს, სადაც მოიგო კვიპროსის ჩემპიონატი. კარიერა რუსულ კლუბ ყაზანის „რუბინში“ 2006 წელს დაასრულა.

დატოვე კომენტარი