„მანჩესტერ სიტიმ“ „ინტერი“ დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგაზე პირველი ტიტული მოიპოვა #1TVSPORT
„მანჩესტერ სიტიმ“ „ინტერი“ დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგაზე პირველი ტიტული მოიპოვა #1TVSPORT

ჩემპიონთა ლიგის ფინალში, რომელსაც სტამბოლმა უმასპინძლა, ერთმანეთს „მანჩესტერ სიტი“ და „ინტერი“ დაუპირისპირდნენ.

ნახევარფინალში „სამეფო კლუბის“ განადგურების შემდეგ ფავორიტად ინგლისური გუნდი მიიჩნეოდა, მაგრამ შეხვედრის ნახევარზე მეტმა თანაბარ ბრძოლაში ჩაიარა.

ფინალურ მატჩში გარდამტეხი აღმოჩნდა როდრის უზუსტესი, ძლიერი დარტყმა და 68-ე წუთზე „მანჩესტერ სიტი“ დაწინაურდა.

„ინტერმა“ თამაშის გადარჩენა სცადა, მაგრამ ინგლისელები მოწოდების სიმაღლეზე იყვნენ და იტალიელებმა მეტოქის კარის აღება ვერ მოახერხეს.

ლუკაკუს 89-ე წუთზე ჰქონდა შესანიშნავი შანსი, ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩის გმირი გამხდარიყო, მაგრამ „სიტი“ გადარჩა და ანგარიში არ შეიცვალა.

საბოლოოდ, „მანჩესტერ სიტიმ“ 1:0 გაიმარჯვა და ჩემპიონთა ლიგა ტრიუმფით დაასრულა.

„მანჩესტერ სიტი“ გახდა მეექვსე ინგლისური კლუბი ისტორიაში, („მანჩესტერ იუნაიტედის“, „ლივერპულის“, „ჩელსის“, „ნოტინგემ ფორესტისა“ და „ასტონ ვილას“ შემდეგ), რომელმაც ჩემპიონთა ლიგა მოიგო.