„მანჩესტერ სიტიმ“ ინგლისის პრემიერლიგის დამოუკიდებელი კომისიის გადაწყვეტილება გაასაჩივრა #1TVSPORT
„მანჩესტერ სიტიმ“ პრემიერლიგის დამოუკიდებელი კომისიის გადაწყვეტილება გაასაჩივრა. კლუბის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, ხუთშაბათს წარდგენილი საჩივარი ვრცლად ხსნის, თუ რატომ მიიჩნევენ კომისიის გადაწყვეტილებას დაუსაბუთებლად. „სიტიში“ დარწმუნებულები არიან, რომ მიღებული ვერდიქტი უსამართლოა, რადგან ის ფაქტობრივ, იურიდიულ და პრინციპულ უზუსტობებს ეფუძნება.
ინგლისური კლუბი საკუთარ უდანაშაულობას კვლავ ხაზგასმით აღნიშნავს და აცხადებს, რომ მათ ხელთ აქვთ მყარი მტკიცებულებების სრული ბაზა, რომელიც მათ სიმართლეს ამტკიცებს.
„სამართლებრივი პროცედურების პატივისცემისა და არსებული შეზღუდვების გამო, პროცესის საბოლოოდ დასრულებამდე დამატებითი განცხადებების გაკეთებისგან თავს შევიკავებთ“, – ნათქვამია კლუბის ოფიციალურ მიმართვაში.
ცნობისთვის, აღნიშნული დავა ინგლისურ ფეხბურთში უპრეცედენტო და ყველაზე ხმაურიანია. პრემიერლიგა „სიტის“ 115 სხვადასხვა წესის დარღვევაში ადანაშაულებს. ბრალდებები 2009-დან 2018 წლამდე პერიოდს მოიცავს და უკავშირდება ფინანსური ფეარპლეის (FFP) უგულებელყოფას, სპონსორებისგან მიღებული ფინანსების არაზუსტ დეკლარირებასა და მოთამაშეებისა თუ მწვრთნელების ანაზღაურებასთან დაკავშირებულ ფარულ გარიგებებს.