„მანჩესტერ სიტიმ“ „არსენალი“ გაანადგურა და „ლივერპულთან“ ოდნავ შეამცირა სხვაობა
„მანჩესტერ სიტიმ“ „არსენალი“ გაანადგურა და „ლივერპულთან“ ოდნავ შეამცირა სხვაობა

28-ე ტურის ორი გადატანილი მატჩით განახლდება პრემიერლიგის გათამაშება.

ჩემპიონატის ერთ-ერთმა ლიდერმა „მანჩესტერ სიტიმ“ საკუთარ მოედანზე „არსენალი“ გაანადგურა – 3:0.

პირველი ტაიმის შუაში „არსენალმა“ ტრავმების გამო გრანიტ ჯაკა და პაბლო მარი დაკარგა და მათ ნაცვლად მოედანზე დანიელ სებალიოსი და დავიდ ლუიში შევიდნენ. სწორედ ეს უკანასკნელი გახდა მატჩის ანტიგმირი. ბრაზილიელმა რაჰიმ სტერლინგის პირველ გოლზე ძალიან უხეში შეცდომა დაუშვა, შემდეგ კი საჯარიმოში რიად მაჰრეზზე დაარღვია თამაშის წესი, რისთვისაც პირდაპირი წითელი ბარათი მიიღო, მისი გუნდის კარში კი პენალტი დაინიშნა, რომელიც კევინ დე ბრუინმა გამოიყენა.

მესამე გოლი კომპენსირებულ დროში ფილ ფოდენმა გაიტანა.

„მანჩესტერ სიტიმ“ ამ მოგებით 60 ქულა დააგროვა და ლიდერ „ლივერპულთან“ 22 ქულამდე დაიყვანა ჩამორჩენა.