„მანჩესტერ სიტი“ ზამთრის სატრანსფერო ბაზარზე აქტიურობას არ აპირებს
„მანჩესტერ სიტი“ ზამთრის სატრანსფერო ბაზარზე აქტიურობას არ აპირებს

„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ აღიარა, რომ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას არ აპირებს ახალი ფეხბურთელების გაფორმებას. მთავარი მიზეზი ის არის, რომ ბაზარზე არ იქნება სათანადო დონის ფეხბურთელები, რომლებიც შეძლებდნენ ინგლისის ჩემპიონის გაძლიერებას.

„მე არ შემიძლია მოთამაშეების გაფორმება იანვარში. ჩვენ ვერ მოვახერხეთ ეს ზაფხულში და ვერ შევძლებთ ზამთარში. შესაძლოა, დავფიქრდეთ ფეხბურთელის შეძენაზე, თუ გაჩნდება ისეთი მოთამაშის გაფორმების შესაძლებლობა, რომელიც ხუთი-ექსი წელი მოუტანს სარგებლობას ჩვენს გუნდს. თუმცა, ნაკლებად სავარაუდოა.

ჩვეულებრივ, მოთამაშეები, რომლებიც მე მაინტერესებს, არ იყიდებიან. ჩვენ ვერ შევძელით გაგვეფორმებინა ცენტრალური მცველი ზაფხულში, ამიტომაც მოგვიწია ფერნანდინიოს ამ პოზიციაზე გადაყვანა. ჩვენ იმ ფეხბურთელებით უნდა გავიდეთ ფონს, რომლებიც გუნდში არიან“, – მოჰყავს გვარდიოლას სიტყვები Sky Sports-ს.