„მანჩესტერ სიტი“ პირველი გუნდია პრემიერლიგაში, რომელმაც ერთ მატჩში რვა გოლი გაიტანა და გაუშვა

09:25, 22.09.2019

ინგლისის პრემიერლიგის მეექვსე ტურში „მანჩესტერ სიტიმ“ საკუთარ მოედანზე „უოტფორდი“ 8:0 დაამარცხა. ამ მატჩში პეპ გვარდიოლას გუნდმა რამდენიმე რეკორდი დაამყარა.

უკვე მე-18 წუთისთვის „ქალაქელები“ 5:0-ს იგებდნენ. ასე სწრაფად პრემიერლიგაში ხუთი გოლი არც ერთ გუნდს არ გაუტანია.

გარდა ამისა, დავიდ სილვამ ანგარიში 52-ე წამზე გახსნა, რითაც ამ სეზონში ინგლისში ყველაზე სწრაფი გოლი გაიტანა.

თავისი მე-100 გოლი გაიტანა „ეტიჰადზე“ სერხიო აგუერომ. პრემიერლიგის ისტორიაში მხოლოდ ორ ფორვარდს აქვს გატანილი უფრო მეტი ერთ კონკრეტულ სტადიონზე: ტიერი ანრის „ჰაიბერიზე“ (114 გოლი) და უეინ რუნის „ოლდ ტრაფორდზე“ (101).

მატჩის მთავარი გმირი გახდა ბერნარდო სილვა, რომელმაც ჰეთ-თრიკი შეასრულა. ეს მისი პირველი ჰეთ-თრიკია პროფესიულ კარიერაში. ამისთვის პორტუგალიელს 178 მატჩი დასჭირდა.

აღვნიშნავთ, რომ „მანჩესტერ სიტი“ პირველი გუნდია პრემიერლიგის ისტორიაში, რომელსაც ერთ მატჩში რვა გოლი გაუტანია და ამდენივე გაუშვია: 2007-08 წლების სეზონში, „სიტი“ 1:8 დამარცხდა „მიდლსბროსთან“.

დაბოლოს, „სიტიმ“ თავის ისტორიაში ყველაზე დიდი ანგარიშით გამარჯვება მოიპოვა ინგლისის უმაღლეს დივიზიონში.

მსგავსი