„მანჩესტერ სიტი" იანვარში 50 მილიონად მესის შეძენას შეეცდება
„მანჩესტერ სიტი" იანვარში 50 მილიონად მესის შეძენას შეეცდება

„ბარსელონას” ფორვარდი ლიონელ მესი, შესაძლოა, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას გადავიდეს „მანჩესტერ სიტიში”.

როგორც ინგლისური პრესა წერს, „სიტის” სურს ისარგებლოს კატალონელთა მძიმე ფინანსური მდგომარეობით და დაიყოლიოს ის იანვარში არგენტინელის გაყიდვაზე. მანჩესტერელები მზად არიან 50 მილიონი ფუნტი გადაიხადონ „ოქროს ბურთის” ექვსგზის მფლობელის სანაცვლოდ.

აღნიშნავენ, რომ „მანჩესტერ სიტი” მესის ტრანსფერს განიხილავს, როგორც ერთ-ერთ საშუალებას იმისთვის, რომ დაითანხმოს კონტრაქტის გაგრძელებაზე მთავარი მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლა.

შეგახსენებთ, რომ 33 წლის მესის შეეძლო „სიტიში” გადასვლა ზაფხულში, მაგრამ ვერ მოელაპარაკა „ბარსელონას” კონტრაქტის გაწყვეტაზე. მესის მოქმედი ხელშეკრულება 2021 წლის 30 ივნისამდეა ძალაში.

ამ სეზონში ფორვარდმა 10 მატჩი ჩაატარა, ექვსი გოლი გაიტანა და ოთხი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.