„მანჩესტერ იუნაიტედს“ ვერნერის ყიდვა სურს
„მანჩესტერ იუნაიტედს“ ვერნერის ყიდვა სურს

„მანჩესტერ იუნაიტედი“ „ლაიპციგის“ ფორვარდის ტიმო ვერნერის შეძენას გეგმავს. 23 წლის გერმანელი ფეხბურთელით აგრეთვე დაინტერესებულია „ლივერპული“, – დაწერა გაზეთმა „მირორმა“.

წლევანდელ ზაფხულს, ვერნერის შეძენას მიუნხენის „ბაიერნი“ ცდილობდა, მაგრამ ტრანსფერი არ შედგა. საბოლოოდ, ფორვარდმა „ლაიპციგთან“ 2023 წლის 30 ივნისამდე გააგრძელა ხელშეკრულება. ახალ კონტრაქტში გამოსასყიდ თანხად 30 მილიონი ევროა მითითებული.

„ლივერპული“ და „მანჩესტერ იუნაიტედი“ ტიმოს შეძენას უკვე უახლოესი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს შეეცდებიან, მაგრამ უფრო სავარაუდოა, რომ გარიგება მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ შედგება.

ვერნერი „ლაიპციგში“ 2016 წლიდან თამაშობს. ამ სეზონში მას 15 ოფიციალურ მატჩში 13 გოლი და ექვსი შედეგიანი პასი აქვს. ბუნდესლიგის ბოლო მატჩში, რომელიც შაბათს გაიმართა, „მაინცთან“ 8:0 მოგებულ შეხვედრაში ფორვარდის ანგარიშზე სამი გოლი და სამი საგოლე გადაცემა იყო.