„მანჩესტერ იუნაიტედს“ ახალი თანამფლობელი ჰყავს - ინგლისელმა მილიარდერმა აქციათა 25 პროცენტი შეიძინა და გავლენა ექნება კლუბის სპორტულ საქმიანობაზე #1TVSPORT
ინგლისელი მილიარდერი ჯიმ რეტკლიფი „მანჩესტერ იუნაიტედის“ თანამფლობელი ხდება.
გაზეთ Daily Mail-ის მონაცემებით, ქიმიური კომპანია Ineos-ის დამფუძნებელი უახლოეს დღეებში გამოისყიდის ინგლისური კლუბის აქციათა 25 პროცენტს. ამასთან, გლეიზერების ოჯახი შეინარჩუნებს საკონტროლო პაკეტს.
რეტკლიფთან გარიგება განიხილება როგორც პირველი ნაბიჯი „იუნაიტედის“ მფლობელის სრულად შეცვლისკენ. ვარაუდობენ, რომ Ineos-ის ხელმძღვანელმა აქციათა 25 პროცენტში 1.5 მილიარდი ფუნტი გადაიხადა.
ირკვევა, რომ რეტკლიფი მიიღებს გავლენას „მანჩესტერ იუნაიტედის“ სპორტულ საქმიანობაზე. გამოცემა The Athletic-ის ინფორმაციით, ჯერჯერობით უცნობია, რამდენად ფართო იქნება ეს გავლენა და რა ელოდება კლუბის სპორტულ დირექტორს ჯონ მერტოსა და მის ასისტენტებს. ასევე ელოდებიან, რომ განხილული იქნება „იუნაიტედის“ გენერალური დირექტორის რიჩარდ არნოლდის როლი.
ამასთან, გამოცემას მიაჩნია, რომ როგორც არ უნდა განვითარდეს მოვლენები, გუნდის მთავარ მწვრთნელს ერიკ თენ ჰაგს არაფერი შეეხება და ის შეძლებს მუშაობის მშვიდად გაგრძელებას.
შეგახსენებთ, რომ უფრო ადრე გახდა ცნობილი იმის შესახებ, რომ შეიხი ჯასიმ ბინ ჰამად ალ-თანიმ უარი თქვა მოლაპარაკებების გაგრძელებაზე გლეიზერებთან, რომლებმაც უარყვეს 7-მილიარდიანი წინადადება.