მანჩესტერ იუნაიტედმა საქმე კიდევ უფრო გაირთულა
მანჩესტერ იუნაიტედმა საქმე კიდევ უფრო გაირთულა

პრემიერლიგის რიგით 36-ე ტურში, ოთხეულისთვის მებრძოლმა მანჩესტერ იუნაიტედმა საქმე ძალიან გაირთულა. ოლდ ტრაფორდზე გამართულ მატჩში მასპინძლებმა ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის მებრძოლი კიდევ ერთი გუნდი, ლონდონის ჩელსი მიიღეს და მაურიციო სარის კლუბთან ქულები გაიყვეს, შეხვედრა მინიმალური საყაიმო ანგარიშით, 1-1 დასრულდა.

მასპინძელთა მხრიდან თავი ხუან მატამ გამოიჩინა, ხოლო სტუმართა მიერ გატანილ გოლში უდიდესი წვლილი წითელი ეშმაკების ესპანელმა კიპერმა, დავიდ დე ხეამ შეიტანა. დე ხეა რუდიგერის შორეულ დარტყმას შესაფერისად ვერ დაუხვდა, ბურთი ხელებიდან გაივარდა და მარკოს ალონსომ შანსი ხელიდან არ გაუშვა.

შეხვედრის შემდეგ კომენტარი ოლე გუნარ სოლსკიაერმა გააკეთა. ჟურნალისტებისთვის მიცემულ ინტერვიუში ნორვეგიელმა სპეციალისტმა განაცხადა, რომ დე ხეას სათადარიგო სკამზე ვერ ხედავს და მისი რომეროთი ჩანაცვლების საჭიროება ამ ეტაპზე არ დგას.

„შეიძლებოდა თუ არა, რომ დე ხეა სათადარიგო სკამზე დამესვა? არა. დავიდი მანჩესტერ იუნაიტედისთვის  ფანტასტიკური მეკარეა. მან სიტისთან თამაშის შემდეგ კარგი რეაქცია გამოავლინა, რის შემდეგაც მე მასში დარწმუნებული ვიყავი. მან იცის, რომ ნებისმიერ გაშვებულ გოლზე შეიძლება მიიღო დარტყმა, ეს ჩვეულებრივი სამუშაო მომენტია. როგორც მანჩესტერ სიტისთან მატჩში, აქაც კარგად შევედით თამაშის მსვლელობაში, თუმცა საკუთარი რიტმის პოვნა ვერ შევძელით. ჩვენ გვჭირდებოდა შესამჩნევად მაღალი ტემპი, ამავდროულად ინტენსიური ქმედებები, ჩვენ ამის მიღწევა ვერ შევძელით“. – ციტირებს სკაი სპორტსი სოლსკიაერის სიტყვებს.