„მანჩესტერ იუნაიტედმა“ ჯეიდონ სანჩო გაიფორმა #1TVSPORT
„მანჩესტერ იუნაიტედმა“ ჯეიდონ სანჩო გაიფორმა #1TVSPORT

„დორტმუნდის“ შემტევი ჯეიდონ სანჩო ინგლისის ჩემპიონატში გააგრძელებს კარიერას.

„მანჩესტერ იუნაიტედმა“ თავის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაცხადა 21 წლის ფეხბურთელის ტრანსფერის შესახებ. ინგლისელთან კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდე იქნება კონტრაქტი.

მანჩესტერელებს არ დაუსახელებიათ ტრანსფერის თანხა, მაგრამ პრესის ინფორმაციით, დორტმუნდელები ფეხბურთელში 85 მილიონ ევროს მიიღებენ.

„ყოველთვის მადლიერი ვიქნები „დორტმუნდის“ იმისთვის, რომ პირველ გუნდში თამაშის შესაძლებლობა მომცა, მაგრამ ყოველთვის ვიცოდი, რომ ერთხელ ინგლისში დავბრუნდებოდი.

„მანჩესტერ იუნაიტედში“ გადასვლა – ოცნების ასრულებაა და მოუთმენლად ველოდები პრემიერლიგაში თამაშს.

აქ ახალგაზრდა და შესანიშნავი გუნდია და ვიცი, რომ ერთად რაღაც განსაკუთრებულის მიღწევას შევძლებთ“, – მოჰყავს „მანჩესტერ იუნაიტედის“ ოფიციალურ ვებგვერდს სანჩოს სიტყვები.

ჯეიდონ სანჩო „უოტფორდის“ საბავშვო აკადემიაში ვარჯიშობდა და 14 წლის ასაკში გადავიდა „მანჩესტერ სიტიში“, თუმცა არც ერთხელ არ უთამაშია პირველ გუნდში.

სანჩო 2017 წლიდან თამაშობდა „დორტმუნდში“. გასულ სეზონში ინგლისელმა 26 მატჩ ჩაატარა, რვა გოლი გაიტანა და 11 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.