„მანჩესტერ იუნაიტედის“ შეთავაზება „ნაპოლისთვის“ ვიქტორ ოსიმენის სანაცვლოდ რასმუს ჰოილუნი და 40 მილიონი ევროა #1TVSPORT
„მანჩესტერ იუნაიტედი“ „ნაპოლის“ ნიგერიელი თავდამსხმელის, ვიქტორ ოსიმენის შეძენით სერიოზულადაა დაინტერესებული და იტალიური კლუბისთვის წინადადებაც აქვს, – ინფორმაციას ბრიტანული მედია ავრცელებს.
როგორც ცნობილი ხდება, ინგლისური ფეხბურთის გრანდი ამჟამად თურქულ „გალათასარაიში“ განათხოვრებული ოსიმენის სანაცვლოდ „ნაპოლის“ 40 მილიონ ევროს და ტრანსფერში დანიელი თავდამსხმელის, რასმუს ჰოილუნის ჩართვას სთავაზობს, რომელსაც სერია A-ში თამაშის გამოცდილება აქვს, ის „ატალანტას“ ღირსებას იცავდა.
კონტრაქტის მიხედვით, ოსიმენის გამოსასყიდი თანხა 75 მილიონი ევროა და ხელშეკრულების აღნიშნული პუნქტი 2025 წლის ზაფხულიდან ამოქმედდება, თუმცა „მანჩესტერ იუნაიტედის“ სურვილია, ტრანსფერი თავისთვის უფრო ხელსაყრელი პირობებით განახორციელოს.
იტალიური გამოცემა Calciomercato-ს ინფორმაციით კი, ზამთარში „ნაპოლი“ „მანჩესტერ იუნაიტედის“ არგენტინელი გარემარბის, ალეხანდრო გარნაჩოს შეძენაზე მუშაობდა და შესაძლოა, მომავალ გარიგებაში იტალიურმა მხარემ ამ ფეხბურთელის ჩართვაც მოინდომოს.