„მანჩესტერ იუნაიტედის“ ლეგენდებმა იტალიური კლუბები დოპინგის გამოყენებაში დაადანაშაულეს #1TVSPORT
„მანჩესტერ იუნაიტედის“ ლეგენდებმა იტალიური კლუბები დოპინგის გამოყენებაში დაადანაშაულეს #1TVSPORT

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა ფეხბურთელებმა, გარი ნევილმა და როი კინმა განაცხადეს, რომ, მათი აზრით, რამდენიმე იტალიური კლუბი „არ იყო სუფთა“ 2000-იან წლებში და ისინი დოპინგს იყენებდნენ. „იუნაიტედის“ ლეგენდებმა ამის შესახებ პოდკასტ Stick To Football-ში ილაპარაკეს.

„მიმაჩნია, რომ იყო რამდენიმე გუნდი, რომელთა წინააღმდეგაც ჩვენ ვითამაშეთ და ისინი არ იყვნენ სუფთები. მე გავედი მოედანზე იტალიური გუნდის წინააღმდეგ და გავიფიქრე: „ეს არასწორია“. კიდევ ბევრი ფეხბურთელი ვიცი 2000-იანების შუა პერიოდიდან, რომლებიც ასევე ფიქრობენ“, – იხსენებს ნევილი.

„ზოგიერთი გუნდის წინააღმდეგ ჩატარებული მატჩების შემდეგ სრულიად გამოფიტულები ვიყავით. მე ეს დავიმახსოვრე. ვუყურებდი იტალიური გუნდების მოთამაშეებს, რომელთა წინააღმდეგაც ვთამაშობდი და ისინი ისე გამოიყურებოდნენ, თითქოს მოედანზე არც კი გასულანო. რატომ არ შეგვიძლია ამაზე ლაპარაკი? ჩვენ არ ვასახელებთ სახელებს ან კლუბებს“, – დაამატა როი კინმა.

2000-იანების დასაწყისში იტალიური ფეხბურთი არაერთხელ დაადანაშაულეს დოპინგის გამოყენებაში. მაგალითად, 2004 წელს „იუვენტუსის“ ექიმი დამნაშავედ სცნეს ისეთი პრეპარატების დარიგებაში, რომლებიც სპორტსმენთა პროდუქტიულობას ამაღლებს. მას პირობითი პატიმრობა შეუფარდეს.