„მანჩესტერ იუნაიტედი“ შონ ლონგსტაფის გადაბირების იმედს არ კარგავს
„მანჩესტერ იუნაიტედი“ შონ ლონგსტაფის გადაბირების იმედს არ კარგავს

„მანჩესტერ იუნაიტედი“ კვლავ დაინტერესებულია „ნიუკასლის“ 21 წლის ნახევარმცველ შონ ლონგსტაფით, თუმცა ფეხბურთელი აცხადებს, რომ „სენტ ჯეიმს პარკზე“ თავს შესანიშნავად გრძნობს, იტყობინება ტელეკომპანია „ესპნ“ (ESPN).

„წითელი ეშმაკების“ მთავარი მწვრთნელი ოლე გუნარ სოლსკიაერი გუნდის გაახალგაზრდავებას ცდილობს და ლონგსტაფი მისი დიდი ხნის სამიზნეა.

თავად ფეხბურთელი „ნიუკასლის“ ტელეახრისთვის მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ არსად წასვლის სურვილი არ გააჩნია, თუმცა მანჩესტერელებს იმედი აქვთ, რომ მას მაინც დაიყოლიებენ, თუ მისი გუნდი თანახმა იქნება.

„ჩემი გვარი რომ მსგავს საუბრებში ჟღერს, ჩემთვის ეს უკვე ძალიან სასიამოვნოა, მაგრამ ახლა 100 პროცენტით „ნიუკასლზე“ ვარ ფოკუსირებული“, – ამბობს ლონგსტაფი, – „მე ყოველთვის მინდოდა „ნიუკასლში“ თამაში და ახლა ერთი სული მაქვს, როდის გამოვჯანმრთელდები (ფეხბურთელმა მუხლის ტრავმა მიიღო), რათა მოედანს დავუბრუნდე“.

„ნიუკასლი“ შონ ლონგსტაფის პირველი გუნდია. მის ძირითად შემადგენლობაში ფეხბურთელი 2016 წელს გამოჩნდა, ცხრა მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.

2017-2018 წლებში ლონგსტაფი იჯარით შოტლანდიურ „კილმარნოკსა“ და ინგლისურ „ბლექპულში“ თამაშობდა.