„მანჩესტერ იუნაიტედი“ კაზემიროში 50 მილიონ ფუნტს იხდის - ფეხბურთელი ფიქრობს ინგლისში გადასვლაზე # 1TVSPORT
„მანჩესტერ იუნაიტედი“ კაზემიროში 50 მილიონ ფუნტს იხდის - ფეხბურთელი ფიქრობს ინგლისში გადასვლაზე # 1TVSPORT

„მანჩესტერ იუნაიტედი“ მზად არის დიდი თანხა გადაიხადოს მადრიდის „რეალის“ საყრდენ ნახევარმცველ კაზემიროში.

მანჩესტერელები განიხილავენ ბრაზილიელი ფეხბურთელის 50 მილიონ ფუნტად შეძენის შესაძლებლობას, – წერს გაზეთი The Telegraph.

„იუნაიტედმა“ ვერ შეძლო კონტრაქტის პირობებზე მოლაპარაკება „იუვენტუსის“ ნახევარმცველთან ადრიენ რაბიოსთან და კაზემირო ჩაშლილი ტრანსფერის ალტერნატივად განიხილება.

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარ მწვრთნელს ერიკ თენ ჰაგს პირადად სურს გუნდში 30 წლის ნახევარმცველის ხილვა.

პარალლურად, გაზეთმა „მარკამ“ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კაზემირო უშვებს მანჩესტერულ კლუბში გადასვლის ვარიანტს. ის სწავლობს „იუნაიტედში“ არსებულ სიტუაციას და აანალიზებს – შეძლებს თუ არა კლუბი სწრაფად მოაგვაროს მიმდინარე პრობლემური სიტუაცია.

ამავდროულად, ტრანსფერი შედგება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ „რეალი“ და კაზემირო დარწმუნებულნი იქნებიან, რომ ეს საუკეთესო გადაწყვეტილებაა ორივე მხარისთვის.