„მანჩესტერ იუნაიტედი“ ჩემპიონთა ლიგის მატჩზე „აეროფლოტის“ რეისით არ გაფრინდა #1TVSPORT
„მანჩესტერ იუნაიტედი“ ჩემპიონთა ლიგის მატჩზე „აეროფლოტის“ რეისით არ გაფრინდა #1TVSPORT

„მანჩესტერ იუნაიტედი“ არ გაფრინდა ავიაკომპანია „აეროფლოტის“ თვითმფრინავით მადრიდში ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ მატჩზე, რომელშიც ინგლისური კლუბი „ატლეტიკოს“ უნდა შეხვდეს. როგორც ინტერნეტ-გამოცემა The Athletic წერს, გადაწყვეტილება რუსეთსა და უკრაინას შორის დაძაბული პოლიტიკური სიტუაციის ფონზე მიიღეს.

რუსული ავიაკომპანია „მანჩესტერ იუნაიტედის“ სპონსორი და პარტნიორია, ამიტომაც კლუბი რეგულარულად დაფრინავს გასვლით მატჩებზე „აეროფლოტის“ თვითმფრინავებით. მაგრამ ჩარტერული რეისი, რომელიც სამშაბათს უნდა შესრულებულიყო, გააუქმეს. მანჩესტერელები მადრიდში ბრიტანული კომპანია Titan Airways-ის რეისით გაემგზავრნენ.

21 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გამოსცა ბრძანებები დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების აღიარების შესახებ. ამის შემდეგ, დასავლეთის ქვეყნებმა დააანონსეს სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, რომელმაც სპორტიც უნდა მოიცვას. კერძოდ, ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსთა სამინისტრომ სანქციები შემოიღო საფეხბურთო კლუბ ცსკა-ს მიმართ, გაჩნდა ჭორები სანკტ-პეტერბურგიდან ჩემპიონთა ლიგის 2022 წლის ფინალის სხვა ქალაქში გადატანის შესახებ. ასევე პოლონეთი ითხოვს რუსეთთან მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი პლეი ოფის მატჩის ნეიტრალურ მოედანზე გადატანას.