მანჩესტერ იუნაიტედის აღმასრულებელი ვიცე-თავმჯდომარის სახლს თავს დაესხნენ (ვიდეო)

„მანჩესტერ იუნაიტედის“ აღმასრულებელი ვიცე-თავმჯდომარის, ედ ვუდვორდის ჩეშირის საგრაფოში მდებარე სახლს უცნობი პირები დაესხნენ თავს და სკანდირებდნენ სიტყვებს: „შენ მოკვდები“. სოციალურ მედიაში გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ ერთ-ერთი პიროვნება სახლის ჭიშკრის მიმართულებით წითელ მაშხალას ისვრის, სხვები კი 48 წლის ვუდვორდის მისამართით სხვადასხვა სიტყვებს სკანდირებენ.

ინციდენტის დროს თავად ვუდვორდი, რომელიც დაქორწინებულია და ორი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს, სახლში არ იმყოფებოდა.

„მანჩესტერ იუნაიტედმა“ ოფიციალური განცხადება უკვე გაავრცელა და განაცხადა, რომ ნებისმიერ ადამიანს, რომელიც მსგავს საქციელში გამომჟღავნებული იქნება, „იუნაიტედის“ თამაშზე სამუდამოდ აეკრძალება დასწრება.

„ერთია, როდესაც გულშემატკივრები აზრს გამოთქვამენ, თუმცა სხვისი ქონებისთვის ზიანის მიყენება და სხვისი სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდება სრულიად მიუღებელია“, – ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში „მანჩესტერ იუნაიტედის“ თამაშით გულშემატკივრები უკმაყოფილონი არიან. გუნდი ამჟამად სატურნირო ცხრილში მეხუთე ადგილზეა და 33 ქულით ჩამორჩება ლიდერ „ლივერპულს“, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე გამსვლელ ზონაში რომ მოხვდეს, „ჩელსისთან“ ექვსქულიანი ჩამორჩენა უნდა გააბათილოს.