მან გაჭირვებაში ბოლომდე გვიერთგულა - მამასახლისს „ტორპედოსთან“ კონტრაქტი დაუსრულდა #1TVSPORT
მან გაჭირვებაში ბოლომდე გვიერთგულა - მამასახლისს „ტორპედოსთან“ კონტრაქტი დაუსრულდა #1TVSPORT

ოლეგ მამასახლისს ქუთაისის „ტორპედოსთან“ კონტრაქტი დაუსრულდა, მასთან ხელშეკრულება არ გაახანგრძლივეს და 26 წლის ნახევარმცველი ახალი სეზონიდან სხვა კლუბში ითამაშებს.

საინტერესოა, რომ ოლეგ მამასახლისს „ტორპედოს“ დატოვება უკვე მესამედ უწევს – ქუთაისურ კლუბში 26 წლის ნახევარმცველი 2013–2018 წლებში გამოდიოდა და შემდეგ „სამტრედიაში“ (2018–19) გადავიდა. 2019 წელს საჩხერეს „ჩიხურაში“ ჩაირიცხა, ქუთაისელებს კი 2020 წელს დაუბრუნდა.

მამასახლისს გუნდთან ერთად ყველაზე მტკივნეული პერიოდის გადატანა მოუხდა. 2020-2021 წლებში „ტორპედოს“ ფორმით ეროვნულ ლიგაში 39 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა (4-ვე პენალტით).

„არ შეიძლება იმ ხალხს ასე მოექცეთ, ვინც გაჭირვებაში ბოლომდე გვერდით დაგვიდგა და გვიერთგულა! ყველაფრისთვის მადლობა ოგატო, მართლაც უდიდესია შენი წვლილი იმაში, რომ დღეს „ტორპედო“ ისევ ეროვნულ ლიგაშია, ჩვენ ყოველთვის დავაფასებთ იმას, რაც ჩვენი გუნდისთვის გაგიკეთებია, როცა არ უნდა დაბრუნდე, აქ ჩვენ სულ მიგიღებთ“, – ასე გამოეხმაურა ქუთაისელ გულშემატკივართა ჯგუფი „ჩვენ ვართ ტორპედო“ სოციალურ ქსელში მამასახლისის გაშვებას.

მამასახლისი ეროვნული ნაკრების მწვრთნელის ინტერესის სფეროშიც მოექცა. 2017 წელს ვალდიმირ ვაისმა ქუთაისელთა ნახევარმცველი საქართველოს ეროვნულ გუნდში მიიწვია, რომლის ფორმითაც ორი მატჩი ჩაატარა.