მამუკელაშვილმა NBA-ში ზედიზედ მესამედ ითამაშა - „ბაქსმა“ „კლიპერსსაც“ მოუგო [ვიდეო] #1TVSPORT
სანდრო მამუკელაშვილმა NBA-ში ზედიზედ მესამე შეხვედრა გამართა. ამჯერად, „მილუოკი ბაქსი“ „ლოს-ანჯელეს კლიპერსს“ დაუპირისპირდა და მოგებათა სერია ათამდე გაზარდა. მაიკ ბუდენჰოლცერის გუნდმა მეტოქე სტუმრად 119-106 დაამარცხა.
სანდრო პირველად პარკეტზე მეორე მეოთხედში გამოჩნდა, მაგრამ გაცუდებული ორქულიანისა და სამქულიანის შემდეგ, მთავარმა მწვრთნელმა ის 4:38 წუთში გაიყვანა. მეორეჯერ ქართველი კალათბურთელი ბოლო პერიოდში გამოვიდა და თავის გუნდს გამარჯვების მოპოვებაში დაეხმარა. მამუკელაშვილმა საერთო ჯამში 10:26 წუთი ითამაშა და ამ დროში 2 ქულის, 3 მოხსნისა და 2 პასის დაგროვება მოახერხა. მან 3-დან 1 ორქულიანი ჩააგდო, პერიმეტრიდან კი ერთხელ ისროლა და უშედეგოდ.
პირველი სამი მეოთხედი დაძაბულად მიმდინარეობდა და ბოლო პერიოდამდე „ბაქსმა“ წინ გასვლა მხოლოდ 5 ქულით მოახერხა. საბოლოო ჯამში, ვისკონსინელები მეოთხე მეოთხედში მეტოქეზე უკეთ გამოიყურებოდნენ და 13 ქულით გამარჯვება მოახერხეს. ყველაზე შედეგიანი იანის ანტეტოკუნმპო იყო, რომელმაც 35 ქულა, 8 მოხსნა და 6 პასი დააგროვა, მაგრამ აღსანიშნავია ბრუკ ლოპესის შესანიშნავი თამაში, რომელმაც გუნდს მნიშვნელოვან მომენტში ულიდერა და ორმაგი დუბლიც გაიფორმა – 22 ქულა და 15 მოხსნა. „კლიპერსის“ მხრიდან, პოლ ჯოჯრს 19 ქულა და 11 მოხსნა ჰქონდა.
შემდეგ შეხვედრას მამუკელაშვილის გუნდი 15 თებერვალს, აღმოსავლეთ კონფერენციის ლიდერთან, „ბოსტონ სელტიკსთან“ გამათვას. „ბაქსი“ კი, ჯერჯერობით, მეორე ადგილზეა.