მამუკელაშვილის სასტარტო და 10 ქულა 33 წუთში - „სან ანტონიომ“ „დალასთან“ ოვერტაიმში წააგო [ვიდეო] #1TVSPORT

NBA-ის რეგულარული სეზონის მორიგ შეხვედრაში სანდრო მამუკელაშვილის „სან ანტონიო სპურსი“ „დალას მავერიკსს“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში, ოვერტაიმში 128-137 დამარცხდა.

„სპურსში“ ქართველი კალათბურთელი პირველად მოხვდა სასტარტო შემადგენლობაში და 33:15 წუთიც ითამაშა. მან ამ დროში 10 ქულა, 7 მოხსნა და 2 პასი დააგროვა. სანდრომ 6-დან 2 ორქულიანი და 7-დან 2 სამქულიანი ჩააგდო. მას ბურთი არ დაუკარგავს და 3 ჯარიმა ჰქონდა.

აღსანიშნავია, რომ მამუკელაშვილმა სამქულიანები მნიშვნელოვან დროს ჩააგდო, ერთ-ერთის შემდეგ კი, თამაშის ამოწურვამდე 1:38 წუთით ადრე, თავისი გუნდი წინ გაიყვანა.

პირველი სამი მეოთხედი გრეგ პოპოვიჩის გუნდის სასარგებლოად დასრულდა, მაგრამ ბოლო პერიოდში „მავერიკსმა“ მატჩის შემოტრიალება შეძლო და საბოლოო ჯამში, გაიმარჯვა. „დალასს“ თამაშის დასრულება მეოთხე მეოთხედშივე შეეძლო, მაგრამ კელდონ ჯონსონმა 1.1 წამით ადრე თამაში ოვერტაიმში გადაიყვანა.

აქვე უნდა ვთქვათ, რომ „მავერიკსს“ არ ჰყავდა ორი მთავარი ლიდერი, კაირი ირვინგი და ლუკა დონჩიჩი, მათ არ ყოფნაში კი გუნდს კრისტიან ვუდმა ულდიერა, რომელმაც 28 ქულითა და 13 მოხსნით ორმაგი დუბლი გაიფორმა. „სან ანტონიოდან“ კი 27 ქულითა და 8 მოხსნით საუკეთესო კელდონ ჯონსონი იყო.

შემდეგ შეხვედრას სანდრო მამუკელაშვილის გუნდი 18 მარტს, „მემფისის“ წინააღმდეგ გამართავს.