მამუკელაშვილის სამქულიანი „სპურსთან“ - „ბაქსი“ იანისის გარეშე დამარცხდა [ვიდეო] #1TVSPORT

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში მორიგი შეხვედრები გაიმართა. აღმოსავლეთ კონფერენციის ლიდერი, სანდრო მამუკელაშვილის „მილუოკი ბაქსი“ „სან ანტონიო სპურსს“ ესტუმრა და იანის ანტეტოკუნმპოს გარეშე დამარცხდა 93-111.

სანდრო პარკეტზე პირველი მეოთხედის ბოლოს გამოჩნდა და 8:28 წუთი ითამაშა. მის ანგარიშზე 3 ქულა და 4 მოხსნაა (2 შეტევაში). ქართველმა კალათბურთელმა 2-დან 1 სამქულიანი ჩააგდო, ორქულიანი კი 2-ჯერ ისროლა და უშედეგოდ.

რაც შეეხება შეხვედრას, ვისკონსინელებმა პირველივე ტაიმი 8 ქულით წააგეს და მიუხედავად იმისა, რომ მესამე მეოთხედი 1 ქულით მოიგეს, მატჩის შემოტრიალება ბერძენი ლიდერის გარეშე ვერ მოახერხეს და 18 ქულით დამარცხდნენ.

სპურსს“ 29 ქულით კელდონ ჯონსონმა ულიდერა, 22 ქულა ჰქონდა დევინ ვასელს, ორმაგი დუბლი კი 15 ქულითა და 10 მოხსნით ავსტრიელმა ოაკობ პოელტლმა გაიფორმა. „ბაქსის“ მხრიდან ყველაზე შედეგიანი  21 ქულით ჯევონ კარტერი იყო, ორმაგი დუბლი ჰქონდა ბობი პორტისს, რომელმაც 16 ქულა და 12 მოხსნა დააგროვა.

შემდეგ შეხვედრას „მილუოკი ბაქსი“ 15 ნოემბერს „ატლანტა ჰოუკსის“ წინააღმდეგ გამართავს.